ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ისტორია

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური დამოუკიდებელი სახელმწიფო ორგანოა, რომელიც პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის უფლებამონაცვლეა.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი 2013 წელს ჩამოყალიბდა. აპარატი პირველ ეტაპზე მხოლოდ პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების კონტროლს ახორციელებდა, ხოლო 2015 წლიდან ფარულ საგამოძიებო მოქმედებებზე ზედამხედველობის ფუნქციაც დაეკისრა.

2018 წლის 21 ივლისს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი ,,სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ'', რომლითაც გაუქმდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის თანამდებობა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური განისაზღვრა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის უფლებამონაცვლედ. სამსახურის გარდაქმნა მისი გამოძიების ჩატარების უფლებამოსილებით აღჭურვამ განაპირობა.

,,სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ'' კანონი 2019 წელს ამოქმედდა და სამსახურმა საგამოძიებო უფლებამოსილების განხორციელება 2019 წლის 1 ნოემბრიდან დაიწყო.

ამჟამად სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია:
  • პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების კონტროლი;
  • ფარული საგამოძიებო მოქმედებებისა და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობების კონტროლი;
  • სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ ჩადენილი ცალკეული დანაშაულების მიუკერძოებელი და ეფექტიანი გამოძიება.
ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დარღვევის ფაქტებზე რეაგირების ამგვარი მექანიზმის შექმნა ეხმიანება საერთაშორისო ორგანიზაციების, სახალხო დამცველისა და არასამთავრობო სექტორის რეკომენდაციებს და ხაზს უსვამს ადამიანის უფლებების მიმართ სახელმწიფოს დამოკიდებულებას. 

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს ხელმძღვანელობს სახელმწიფო ინსპექტორი, რომელსაც 6 წლის ვადით ირჩევს საქართველოს პარლამენტი. 

სახელმწიფო ინსპექტორი უფლებამოსილების განხორციელებისას დამოუკიდებელია და არ ექვემდებარება არც ერთ ორგანოს და თანამდებობის პირს. 

სახელმწიფო ინსპექტორი ხელშეუხებელია. სახელმწიფო ინსპექტორზე რაიმე ზემოქმედება ან მის საქმიანობაში უკანონო ჩარევა აკრძალულია და კანონით ისჯება. 

2019 წლის 3 ივლისიდან სახელმწიფო ინსპექტორის უფლებამოსილებას ლონდა თოლორაია ახორციელებს.