თქვენ იმყოფებით სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ვებგვერდზე. ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად, ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს“ (Cookies). „მზა-ჩანაწერებს“ გამოყენების თაობაზე დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, გადახვიდეთ შემდეგ ბმულზე მზა-ჩანაწერების“ პოლიტიკა.
თანახმა ვარ „მზა-ჩანაწერების“ გამოყენებაზე არ ვარ თანახმა „მზა-ჩანაწერების“ გამოყენებაზე

31 მარტი 2021

სახელმწიფო ინსპექტორმა საქართველოს პარლამენტს სამსახურის 2020 წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა

სახელმწიფო ინსპექტორმა საქართველოს პარლამენტს სამსახურის 2020 წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა
სახელმწიფო ინსპექტორმა საქართველოს პარლამენტს სამსახურის 2020 წლის საქმიანობის შესახებ ანგარიში წარუდგინა. 241 გვერდისგან შემდგარი დოკუმენტი დეტალურ ინფორმაციას მოიცავს ქვეყანაში პერსონალურ მონაცემთა დაცვის მდგომარეობის, ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობების კონტროლის, აგრეთვე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ქვემდებარე სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიების მდგომარეობის, ამ მიმართულებებით სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ განხორციელებული საქმიანობის, გამოვლენილი გამოწვევებისა და სამომავლო გეგმების შესახებ.

2020 წელს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა, სამი უმნიშვნელოვანესი ფუნქციით, მთელი წლის განმავლობაში პირველად იმუშავა. კორონავირუსით გამოწვეული ინფექციით შექმნილი მდგომარეობის, შეზღუდული ადამიანური და ინფრასტრუქტურული რესურსების, სამსახურის მიერ საკუთარი ფუნქციების შესრულებისას წარმოქმნილი საკანონმდებლო და პრაქტიკული სირთულეების მიუხედავად, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ძალისხმევას არ იშურებდა დაკისრებული ფუნქციების ეფექტიანად შესასრულებლად.

ანგარიშში ინდივიდუალურად არის წარმოდგენილი სამსახურის მიერ სამივე მიმართულებით განხორციელებული საქმიანობა.

დოკუმენტში გაანალიზებულია საქართველოში პერსონალურ მონაცემთა დაცვის მდგომარეობა და მონაცემთა სუბიექტების უფლებების დაცვის მიზნით სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ განხორციელებული საქმიანობა. ზოგადი ტენდენციებისა და სტატისტიკის პარალელურად, დეტალურადაა განხილული ცნობიერების ამაღლების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები და მონაცემთა დამუშავების პროცესების შესწავლის შედეგები ისეთ სფეროებში, სადაც წლის განმავლობაში დიდი მოცულობით მონაცემები მუშავდებოდა. კერძოდ, ანგარიშში საუბარია მონაცემთა დაცვაზე - COVID-19-ის პანდემიის პირობებში, საარჩევნო პროცესში, ელექტრონულ ბაზებში, საფინანსო სექტორში, სამართალდამცავ ორგანოებში. ანგარიშის მოცულობითი ნაწილი აქვს დათმობილი არასრულწლოვანთა და ვიდეოთვალთვალის სისტემების მეშვეობით მონაცემთა დამუშავებას. ასევე, მონაცემთა დამუშავების პროცესების გაუმჯობესების მიზნით, თითოეული თავი მოიცავს მნიშვნელოვან რეკომენდაციებს საჯარო და კერძო დაწესებულებებისთვის.

2020 წელს პერსონალურ მონაცემთა დაცვის მიმართულებით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ძალისხმევა მიმართული იყო დარღვევების პრევენციასა და დროულ რეაგირებაზე. სამსახური წლის განმავლობაში ატარებდა საზოგადოებისა და პანდემიის მართვაში ჩართულ პირთა ცნობიერების ამაღლების ღონისძიებებს, ახალი პროცესების დანერგვის ეტაპზე გასცემდა კონსულტაციებს და ამოწმებდა მონაცემთა დამუშავების უკვე დანერგილი პროცესების კანონიერებას. 2020 წელს სამსახურმა გასცა 3129 კონსულტაცია, ჩაატარა 119 შემოწმება, გამოავლინა 123 ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დააკისრა 119 პირს, გასცა 237 დავალება და რეკომენდაცია, მოსაზრება წარადგინა 75-ზე მეტ საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის პროექტზე.

რაც შეეხება ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისა და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობების კონტროლს, ანგარიშში მოცემულია ინფორმაცია სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადება-ჩაწერის შესახებ სასამართლოს მიერ გაცემული განჩინებებისა და პროკურორის დადგენილებების თაობაზე; ასევე, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ შეჩერების მექანიზმის გამოყენებისა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ ბუნდოვანება-უზუსტობის შეტყობინების მექანიზმის გამოყენების მაჩვენებელი.

2020 წელს სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადება-ჩაწერის შესახებ სასამართლომ განიხილა 997 შუამდგომლობა. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში შემოვიდა პროკურორის 107 დადგენილება გადაუდებელი აუცილებლობით სატელეფონო კომუნიკაციის ფარულ მიყურადება-ჩაწერის თაობაზე. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა მიმდინარე სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადება-ჩაწერის შეჩერების მექანიზმი გამოიყენა 116 შემთხვევაში.

ანგარიშის მნიშვნელოვანი ნაწილი შეეხება სამსახურის ყველაზე ახალ ფუნქციას - საგამოძიებო მიმართულებას. სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოძიების თავი აერთიანებს ინფორმაციას სამსახურის მიერ გამოძიების ეფექტიანობის გაზრდის მიზნით განხორციელებული ღონისძიებების შესახებ; დეტალურ სტატისტიკურ მონაცემებს საგამოძიებო დეპარტამენტის მიერ მიღებული შეტყობინებების, გამოძიების დაწყების, ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების, მიღებული შემაჯამებელი გადაწყვეტილებების თაობაზე; ინფორმაციას იმ საკანონმდებლო და პრაქტიკული გამოწვევების შესახებ, რომლებიც აფერხებს ეფექტიანი გამოძიების ჩატარებას. ანგარიში, ასევე მოიცავს ცალკეული კატეგორიის დანაშაულების, კერძოდ არასრულწლოვანთა მიმართ შესაძლო ძალადობის ფაქტების, ხელბორკილის არამართლზომიერი გამოყენების, სახელმწიფოს ეფექტური კონტროლის ქვეშ მყოფ პირთა გარდაცვალებასთან და საპროტესტო აქციებთან დაკავშირებული სისხლის სამართლის საქმეების, დაკავშირებული სისხლის სამართლის საქმეების გამოძიების თავისებურებებს.

ინფიცირების საფრთხის პირობებში, საგამოძიებო დეპარტამენტმა 24 საათიან რეჟიმში იმუშავა და პანდემიით გამოწვეული შეფერხებების მიუხედავად, შემჭიდროებულ ვადებში შეძლო გადაუდებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარება. 2020 წელს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტმა გამოძიება დაიწყო 270 სისხლის სამართლის საქმეზე, კორონავირუსით (COVID-19) გამოწვეული ვითარებით პროცესის მონაწილეებთან გართულებული კოორდინაციის მიუხედავად, ჩაატარა 4240 საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება (მათ შორის, გამოიკითხა 2547 პირი). საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეებზე 5 პირის მიმართ, ხოლო გამოძიება შეწყვიტა 24 სისხლის სამართლის საქმეზე. 270 სისხლის სამართლის საქმეში ფიგურირებს 310 სავარაუდო მსხვერპლი, რომელთა 82% შესაძლო დანაშაულებრივი ქმედების ჩამდენ პირად ასახელებს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს, 17% - იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომელს, ხოლო 1% - ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელს.

პარლამენტისთვის წარდგენილ ანგარიშში საუბარია არა მხოლოდ მიღწეულ შედეგებსა და წარმატებებზე, არამედ ფაქტორებზე, რომლებმაც შეაფერხა 2020 წელს სამსახურის მიერ დასახული მიზნების მიღწევა. დეტალურად არის აღწერილი ის საკანონმდებლო და პრაქტიკული გამოწვევები, რომელთა დაძლევა აუცილებელია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ინსტიტუციურად დამოუკიდებელ, ძლიერ, ეფექტიან, საზოგადოებაზე ორიენტირებულ და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის ინსტიტუტად ჩამოყალიბებისთვის.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური 2021 წელს აგრძელებს მუშაობას ანგარიშში მითითებული გამოწვევების დაძლევის მიზნით.

სამსახური აქტიურად ითანამშრომლებს საკანონმდებლო ორგანოსთან, სხვა სახელმწიფო ორგანოებთან, სახალხო დამცველის აპარატთან, არასამთავრობო სექტორთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან სამსახურის განვითარებისა და გაძლიერების პროცესში.



იხილეთ ანგარიშის სრული ელექტრონული ვერსია