თქვენ იმყოფებით სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ვებგვერდზე. ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად, ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს“ (Cookies). „მზა-ჩანაწერებს“ გამოყენების თაობაზე დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, გადახვიდეთ შემდეგ ბმულზე მზა-ჩანაწერების“ პოლიტიკა.
თანახმა ვარ „მზა-ჩანაწერების“ გამოყენებაზე არ ვარ თანახმა „მზა-ჩანაწერების“ გამოყენებაზე

30 მარტი 2021

სახელმწიფო ინსპექტორმა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა

შეხვედრის მიზანი არასამთავრობო სექტორისთვის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ძირითადი მიღწევების, განხორციელებული რეფორმებისა და გამოწვევების გაცნობა იყო.

,,ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში სახელმწიფო უწყებებისა და სამოქალაქო სექტორის ძალისხმევის გაერთიანება უმნიშვნელოვანესია. სწორედ ამიტომ, ჩვენ ვაგრძელებთ არასამთავრობო სექტორისთვის ჩვენი საქმიანობის შედეგებისა და ჩვენს წინაშე არსებული გამოწვევების ყოველწლიური გაცნობის პრაქტიკას. ჩვენ გვაქვს თანამშრომლობის კარგი გამოცდილება და დარწმუნებული ვარ კოორდინაცია კიდევ უფრო მჭიდრო იქნება იმ გამოწვევების დაძლევის პროცესში, რომელთა წინაშეც სამსახური დგას“ - განაცხადა შეხვედრის გახსნისას სახელმწიფო ინსპექტორმა ლონდა თოლორაიამ.
 
შეხვედრაზე განხილულ იქნა სამსახურის სამივე მიმართულება - პერსონალურ მონაცემთა დაცვა, ფარული საგამოძიებო მოქმედებების კანონიერების კონტროლი, სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ ჩადენილი ცალკეული დანაშაულების ეფექტიანი გამოძიება.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო იმ პრაქტიკულ და საკანონმდებლო გამოწვევებს, რომლებსაც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური პრაქტიკული საქმიანობის პროცესში აწყდება. მათ შორის, საუბარი შეეხო სამსახურის მიერ ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ პარლამენტში წარდგენილ კანონის პროექტს; ფაქტორებს, რომლებიც ხელს უშლის გამოძიების ეფექტიან წარმართვას და მათი აღმოფხვრის მიზნით გასატარებელ ღონისძიებებს; ასევე, სამსახურის ადამიანური და მატერიალურ-ტექნიკური რესურსების გაძლიერების საჭიროებას.

სამუშაო ფორმატი ინტერაქტიულ ხასიათს ატარებდა. მონაწილეებმა დასვეს კითხვები და გამოთქვეს მოსაზრებები სამსახურის გაძლიერების მიზნით გადასადგმელ ნაბიჯებთან დაკავშირებით.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური არასამთავრობო ორგანიზაციებთან კონსტრუქციულ თანამშრომლობას მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს.