12 თებერვალი 2021
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში მენტორობის პროგრამა დაინერგა
მენტორი არის გამოცდილი, შესაბამისი ცოდნის, მაღალი პროფესიული ღირებულებებისა და უნარ-ჩვევების მქონე პროფესიონალი, რომელიც სამსახურის შიგნით დამწყებ თანამშრომლებს ორგანიზაციული კულტურის გაცნობაში, საქმიანობისთვის აუცილებელი პრაქტიკული უნარების გამომუშავებასა და გამოწვევებთან გამკლავებაში დაეხმარება.
პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ფაქტობრივად ყველა სტრუქტურული ერთეულიდან 17 მენტორი შეირჩა, რომლებმაც 3 დღიანი წინასწარი მომზადება გაიარეს. სასწავლო კურსს უძღვებოდნენ: საქართველოში აშშ-ს საელჩოს სამართლებრივი მრჩეველი მაიკლ გრანტი, საქართველოს გენერალური პროკურატურის ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის პროფესიული განვითარებისა და კარიერის მართვის ცენტრის წარმომადგენლები სოფია ბაბუციძე და ქეთევან ასანიძე.
სწავლება დისტანციურ რეჟიმში წარიმართა და მოიცავდა იმ პრაქტიკულ საკითხებს, რაც მენტორებს ახალდანიშნულ კადრებთან თანამშრომლობასა და მათთვის ცოდნის გაზიარებაში დაეხმარებათ. სასწავლო პროგრამა მოიცავდა: ორგანიზაციაში მენტორის როლს, მენტორობის ეტაპებს, თანამშრომლობის ფორმებს, ახალი თანამშრომლის ორგანიზაციაში ადაპტაციას, მოტივაციის თეორიებს, სწავლების მეთოდებსა და უკუკავშირის მიცემის ტექნიკებს.
მენტორობის პროგრამა ორიენტირბეულია დამწყები თანამშრომლების შესაძლებლობების გამოვლენაზე, მათ წახალისებასა და კარიერული განვითარების ხელშეწყობაზე.