თქვენ იმყოფებით სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ვებგვერდზე. ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად, ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს“ (Cookies). „მზა-ჩანაწერებს“ გამოყენების თაობაზე დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, გადახვიდეთ შემდეგ ბმულზე მზა-ჩანაწერების“ პოლიტიკა.
თანახმა ვარ „მზა-ჩანაწერების“ გამოყენებაზე არ ვარ თანახმა „მზა-ჩანაწერების“ გამოყენებაზე

07 ივლისი 2021

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურსა და სახალხო დამცველის ოფისს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა და სახალხო დამცველის აპარატმა გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის (UN OHCHR) ორგანიზებით, სამდღიანი სამუშაო შეხვედრა გამართეს. ორ დამოუკიდებელ ინსტიტუტს შორის ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების მიზნით გამართული შეხვედრა ევროკავშირის (EU) მხარდაჭერით მიმდინარე პროგრამის - ადამიანის უფლებები ყველასათვის (მეორე ფაზა) ფარგლებში გაიმართა, რომელსაც UN OHCHR და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) ერთობლივად ახორციელებენ.

მხარეებმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მანდატში შემავალი საქმიანობის, კერძოდ, სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოძიების სამართლებრივი და პრაქტიკული საკითხების და ამ მიმართულებით არსებული გამოწვევების შესახებ ისაუბრეს; განიხილეს დაკავების და საპატიმრო ადგილებში არსებულ მდგომარეობასთან და ინდივიდუალურ საჩივრებთან დაკავშირებით ინფორმაციის ეფექტიანი გაცვლის მნიშვნელობა. საუბარი ასევე შეეხო სახალხო დამცველისა და სახელმწიფო ინსპექტორის მიერ პარლამენტისადმი წარდგენილ წლიურ ანგარიშში მოცემულ საკითხებსა და მიგნებებს.

„განვითარების საწყის საფეხურზე მყოფი დამოუკიდებელი საზედამხედველო უწყებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერა. მინდა მადლობა გადავუხადო გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისს (UN OHCHR) ყველა იმ მხარდაჭერისთვის, რასაც სამსახურისთვის ახორციელებს. ასევე, მოხარული ვარ, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურსა და სახალხო დამცველის აპარატს შორის ურთიერთობა არის თანამშრომლობის კარგი მაგალითი და ვფიქრობ, ერთობლივი ძალისხმევით, შევძლებთ საერთო მიზნების მიღწევას“ - განაცხადა სახელმწიფო ინსპექტორმა, ლონდა თოლორაიამ.

სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ, შეხვედრაზე ხაზი გაუსვა, სახალხო დამცველის აპარატისა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ეფექტიანი თანამშრომლობის მნიშვნელობას ქვეყანაში წამების და არასათანადო მოპყრობის აღმოფხვრის კონტექსტში.

შეხვედრის მონაწილეებმა ასევე განიხილეს, ის საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც უზრუნველყოფს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ საგამოძიებო ფუნქციის ეფექტიანად განხორციელებას და არსებული გამოწვევების გადაჭრას.

„UN OHCHR მოხარულია, რომ ხელს უწყობს ამ ორ უმნიშვნელოვანეს უწყებას შორის მჭიდრო თანამშრომლობასა და კოორდინაციას. იმედს გამოვთქვამთ, რომ ისინი შეძლებენ წამების პრევენციის და ეფექტიანი გამოძიების კუთხით ხელშესახებ პროგრესს მიაღწიონ.“ - განაცხადა სამხრეთ კავკასიაში გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის უფროსმა მრჩეველმა, ვლადიმირ შკოლნიკოვმა.

ევროკავშირი (EU) და OHCHR სამხრეთ კავკასიაში 2016 წლიდან მხარს უჭერენ ადამიანის უფლებების დაცვის სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერებასა და მათი მარეგულირებელი სამართლებრივი ჩარჩოს დახვეწას. მათ შორის არის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, რომელსაც, სხვა საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან ერთად, OHCHR-ის აქტიური მხარდამჭერით, დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის ფუნქცია 2019 წელს დაეკისრა.