თქვენ იმყოფებით სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ვებგვერდზე. ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად, ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს“ (Cookies). „მზა-ჩანაწერებს“ გამოყენების თაობაზე დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, გადახვიდეთ შემდეგ ბმულზე მზა-ჩანაწერების“ პოლიტიკა.
თანახმა ვარ „მზა-ჩანაწერების“ გამოყენებაზე არ ვარ თანახმა „მზა-ჩანაწერების“ გამოყენებაზე

11 ნოემბერი 2021

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურსა და ონტარიოს სპეციალურ საგამოძიებო უწყებას (SIU) შორის ვებინარი გაიმართა


სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა კანადის პროვინციის ონტარიოს სპეციალურ საგამოძიებო უწყებასთან (SIU), რომელიც პოლიციელთა მიერ ჩადენილ დანაშაულებს იძიებს, ონლაინ შეხვედრა გამართა. 

შეხვედრის მიზანი უწყებებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება და წარმატებული საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარება იყო. 

სამუშაო შეხვედრა სახელმწიფო ინსპექტორმა ლონდა თოლორაიამ და ონტარიოს სპეციალური საგამოძიებო უწყების (SIU) დირექტორმა ჯოზეფ მარტინომ გახსნეს.

შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა შემდეგი ძირითადი საკითხები: ონტარიოს სპეციალური საგამოძიებო მექანიზმის მანდატი, სამსახურის დამოუკიდებლობის სამართლებრივი და პრაქტიკული გარანტიები, ეფექტიანი გამოძიების ჩასატარებლად მათ ხელთ არსებული ბერკეტები, საგამოძიებო და საპროკურორო უფლებამოსილების ფარგლები. ასევე, მხარეებმა იმსჯელეს საერთო გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე. 

ონტარიოს სპეციალური საგამოძიებო უწყების (SIU) დირექტორმა  სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის თანამშრომლებს დეტალურად გააცნო სპეციალური საგამოძიებო უწყების შექმნის ისტორია, სამსახურის მანდატი, პოლიციელთა მხრიდან დანაშაულის ჩადენის შესაძლო შემთხვევებზე რეაგირების წესი, გამოძიების დაწყებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის სტატისტიკა, საგამოძიებო უწყებასა და პროკურატურას შორის კოორდინაციის  საკითხები.

ლონდა თოლორაიამ ონტარიოს სპეციალური საგამოძიებო უწყების (SIU) დირექტორს მადლობა გადაუხადა შეხვედრაში პირადი ჩართულობისა და მნიშვნელოვანი გამოცდილების გაზიარებისთვის. თავის მხრივ, ჯოზეფ მარტინომ მაღალი შეფასება მისცა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ დროის მცირე მონაკვეთში გადადგმულ ნაბიჯებს და მიღწეულ შედეგებს. 

შეხვედრაში, რომელიც ინტერაქციულ ხასიათს ატარებდა, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის 30-მდე წარმომადგენელი იღებდა მონაწილეობას. 

შეხვედრის ბოლოს მხარეები ანალოგიური ფორმატებით კოორდინაციასა და აქტიური სამომავლო თანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.