ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

21 აგვისტო 2020

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა საქართველოს 7 რეგიონში შეხვედრა გამართა

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა ქვეყნის მასშტაბით ადგილობრივ საჯარო უწყებებსა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან მიმდინარე რეგიონული შეხვედრები ქ. ქუთაისში დაასრულა.

სამუშაო შეხვედრები 7 დიდ ქალაქში: ბათუმში, თელავში, რუსთავში, გორში, ახალციხეში, ზუგდიდსა და ქუთაისში ჩატარდა. 27 ივნისიდან დღემდე გამართულ შეხვედრებს 300-მდე საჯარო უწყებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელი დაესწრო. შეხვედრებზე აქტიურად განიხილებოდა პერსონალური მონაცემების დაცვისა და საგამოძიებო მიმართულებით არსებული გამოწვევები, ადგილობრივი ორგანიზაციებისთვის აქტუალური საკითხები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები. რეგიონებში გამართულ შეხვედრებში სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია პირადად მონაწილეობდა.

სამუშაო ფორმატის ფარგლებში, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის წარმომადგენლებმა სტუმრებს მიაწოდეს ინფორმაცია სამსახურის საქმიანობის, ფუნქციების, გატარებული ღონისძიებების, არსებული გამოწვევებისა და ტენდენციების შესახებ. შეხვედრები ინტერაქტიულ ხასიათს ატარებდა, მონაწილეები სვამდნენ კითხვებს და გამოთქვამდნენ მოსაზრებებს მათთვის აქტუალურ საკითხებზე. 

ღონისძიებებზე აქტიურად განიხილებოდა ადგილობრივი საჭიროებების გადაჭრისა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.

გამართულ შეხვედრებს ადგილობრივი თვითმმართველობის, სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის, სოციალური მომსახურების სააგენტოს, სახალხო დამცველის აპარატისა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ღონისძიებებში, ასევე მონაწილეობდნენ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის სტუდენტური პროექტის, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის ელჩები“, ფარგლებში შერჩეული მონაწილეები, რომლებიც რეგიონებში საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებაზე იმუშავებენ.

ღონისძიებები ევროპის საბჭოს ,,არასრულწლოვან და ზრდასრულ თავისუფლებააღკვეთილ პირთა მხარდაჭერის" პროექტისა და გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის მხარდაჭერით გაიმართა.

რეგიონების დაფარვის გაფართოება და ადგილობრივ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გააქტიურება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. 

შეხვედრებიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, სამსახური თითოეული რეგიონისთვის მიზნობრივი ღონისძიებებისა და აქტივობების განხორციელებას გეგმავს.