ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

28 სექტემბერი 2020

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა საგამოძიებო უფლებამოსილების ფარგლებში 10 თვის განმავლობაში გაწეული მუშაობის შედეგები და იდენტიფიცირებული გამოწვევები შიდა სამუშაო შეხვედრაზე განიხილა

სამუშაო შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა დანაშაულის შესაძლო ნიშნების შესახებ შეტყობინებების მიღებასთან და მათზე რეაგირებასთან დაკავშირებული პროცედურები; გამოძიების პროცესში არსებული პრაქტიკული და საკანონმდებლო გამოწვევები; ფაქტორები, რომლებიც ხელს უშლის გამოძიების ეფექტიან წარმართვას და დანაშაულის შესაძლო ჩამდენი პირის დადგენას; სხვა უწყებებთან კოორდინაცია; საპროკურორო ზედამხედველობის შინაარსი და ფარგლები; სამსახურის ადამიანური და მატერიალურ-ტექნიკური რესურსები.

შეხვედრის ბოლოს განისაზღვრა სამომავლო განვითარების პრიორიტეტები და დაიგეგმა იდენტიფიცირებული გამოწვევების დაძლევის მიზნით გასატარებელი ღონისძიებები.
არსებული გამოწვევების დასაძლევად, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის მნიშვნელოვანია
საქართველოს პარლამენტთან, სხვა სახელმწიფო უწყებებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და არასამთავრობო სექტორთან თანამშრომლობა.

ორდღიან შიდა სამუშაო შეხვედრას სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია და სახელმწიფო ინსპექტორის პირველი მოადგილე გიორგი გამეზარდაშვილი უძღვებოდნენ.

სამუშაო პროცესში, ასევე მონაწილეობდნენ სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტისა და სხვა სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლები.

ღონისძიება ევროპის საბჭოს პროექტთან „არასრულწლოვან და ზრდასრულ თავისუფლებააღკვეთილ პირთა მხარდაჭერა“ თანამშრომლობით განხორციელდა.