თქვენ იმყოფებით სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ვებგვერდზე. ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად, ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს“ (Cookies). „მზა-ჩანაწერებს“ გამოყენების თაობაზე დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, გადახვიდეთ შემდეგ ბმულზე მზა-ჩანაწერების“ პოლიტიკა.
თანახმა ვარ „მზა-ჩანაწერების“ გამოყენებაზე არ ვარ თანახმა „მზა-ჩანაწერების“ გამოყენებაზე

28 ივნისი 2021

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა მედიის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა მედიის წარმომადგენლებთან ორ დღიანი გასვლითი სამუშაო შეხვედრა გამართა. ღონისძიება სამოქალაქო სექტორთან თანამშრომლობით განხორციელდა. შეხვედრა სახელმწიფო ინსპექტორმა ლონდა თოლორაიამ, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) დირექტორმა გიორგი კლდიაშვილმა და სოციალური სამართლიანობის ცენტრის სამართალდამცავის სისტემის პროექტების კოორდინატორმა თამარ გვასალიამ გახსნეს.

სახელმწიფო ინსპექტორმა ლონდა თოლორაიამ მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ხაზი გაუსვა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის როლს და მნიშვნელობას ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში. მან ყურადღება გაამახვილა იმ გამოწვევებზე, რომლებსაც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ხვდება. ასევე, ისაუბრა დროის მცირე მონაკვეთში მიღწეულ პროგრესსა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლების პროცესში მედიის განსაკუთრებულ როლზე.

შეხვედრის ფარგლებში მედიის წარმომადგენლებს სახელმწიფო ინსპექტორის მოადგილეებმა დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს სამსახურის განვითარების ეტაპებისა და ფუნქციების, 2020 წელს გაწეული საქმიანობის შედეგების, ძირითადი ტენდენციების, სამსახურის წინაშე არსებული გამოწვევების გადაჭრის გზებისა და სამომავლო პრიორიტეტების შესახებ. ყურადღება გამახვილდა ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს პარლამენტში წარდგენილ კანონპროექტზე, საჯარო და კერძო სექტორში მონაცემთა უსაფრთხოების სტანდარტის ამაღლების მნიშვნელობაზე, საგამოძიებო პროცესსა და ამ მიმართულებით არსებულ პრაქტიკულ და საკანონდებლო გამოწვევებზე.
 
შეხვედრაზე სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლების მხრიდან გაკეთდა პრეზენტაცია კვლევაზე „დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი საქართველოში - მიღწევები და არსებული გამოწვევები“, რომელიც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ დღემდე გაწეული საქმიანობის შეფასებას მოიცავს. კვლევის ფარგლებში სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შექმნა და გადადგმული ნაბიჯები დადებითად არის შეფასებული. მასში, ასევე ყურადღება მახვილდება სამსახურის ინსტიტუციური გაძლიერებისა და დამოუკიდებლობის ხარისხის გაზრდის მიზნით გასატარებელ ღონისძიებებზე.

ღონისძიება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტისა (IDFI) და სოციალური სამართლიანობის ცენტრის ორგანიზებითა და „ღია საზოგადოების ფონდის“ (OSGF) მხარდაჭერით განხორციელდა.