თქვენ იმყოფებით სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ვებგვერდზე. ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად, ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს“ (Cookies). „მზა-ჩანაწერებს“ გამოყენების თაობაზე დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, გადახვიდეთ შემდეგ ბმულზე მზა-ჩანაწერების“ პოლიტიკა.
თანახმა ვარ „მზა-ჩანაწერების“ გამოყენებაზე არ ვარ თანახმა „მზა-ჩანაწერების“ გამოყენებაზე

10 მაისი 2021

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა, ინსტიტუციური გაძლიერებისა და საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, ქალაქ ბათუმში ოფისი გახსნა

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა, ინსტიტუციური გაძლიერებისა და საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, ქალაქ ბათუმში ოფისი გახსნა

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა საგამოძიებო დეპარტამენტში ახალი სტრუქტურული ერთეული - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამმართველო - შექმნა, რომელიც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და გურიის რეგიონის ტერიტორიაზე მოხელეთა მიერ ჩადენილ ძალადობრივ დანაშაულებს გამოიძიებს.

ახალი ოფისი სახელმწიფო ინსპექტორის პირველმა მოადგილემ გიორგი გამეზარდაშვილმა გახსნა. ღონისძიებას საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე გიორგი გვარაკიძეც ესწრებოდა.


აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში დამატებითი ოფისის ამოქმედება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს აღნიშნულ ტერიტორიაზე ჩადენილ სავარაუდო დანაშაულებზე დროულ რეაგირებას, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების დაუყოვნებლივ ჩატარებას და თანამშრომელთა რესურსის უფრო ეფექტიანად გადანაწილებას. ამასთან, აღნიშნული ოფისი ადგილობრივ მოსახლეობას გაუმარტივებს სამსახურთან კომუნიკაციას და პროცესის მონაწილეებს საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებში მონაწილეობის მისაღებად აღარ მოუწევთ სხვა რეგიონში ტრანსპორტირება. 


აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამმართველოს ოფისში, რომელიც ქ. ბათუმში, გიორგი მაზნიაშვილის ქ. №54-ში იფუნქციონირებს, გათვალისწინებულია არასრულწლოვანთა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საჭიროებები. სისხლის სამართლის საქმის გამოძიების პროცესში მონაწილე მოწმე და მსხვერპლი ბავშვების უფლებებისა და ჭეშმარიტი ინტერესების დასაცავად, მოწყობილია ბავშვზე მორგებული გარემო. ოფისის ინფრასტრუქტურა ადაპტირებულია შშმ პირების საჭიროებებზე. ცალკე სივრცეებია გამოყოფილი  მოწმეთა გამოკითხვისა და პირის ამოცნობის ჩასატარებლად.


სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამმართველოს ირაკლი კბილაშვილი უხელმძღვანელებს, რომელიც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში 2019 წლის 1-ელი ნოემბრიდან გამომძიებლის, ხოლო შემდგომ საგამოძიებო დეპარტამენტის დასავლეთის სამმართველოს უფროსის პოზიციას იკავებდა. სამმართველოში ოთხი გამომძიებლის შტატია გათვალისწინებული.


დღემდე, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტი, მხოლოდ ორი ქალაქიდან - თბილისიდან და ქუთაისიდან - აწარმოებდა გამოძიებას ქვეყნის მასშტაბით.  საგამოძიებო დეპარტამენტის დასავლეთის სამმართველო 5 გამომძიებლის რესურსით 8 რეგიონს ფარავდა. იმის გათვალისწინებით, რომ სისხლის სამართლის საქმეთა თითქმის ნახევარი სწორედ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მომხდარ ფაქტებს ეხებოდა, დასავლეთის სამმართველოს გამომძიებლებს მუდმივად უწევდათ აღნიშნულ რეგიონში საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარების მიზნით ტრანსპორტირება. ცხადია ამ გამოწვევამ, დღის წესრიგში დამატებითი ოფისის საჭიროება დააყენა.


სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის, როგორც ახლად ამოქმედებული ინსტიტუტისთვის, ადამიანური და ინფრასტრუქტურული რესურსების სიმწირე კვლავ ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. სამსახური აგრძელებს აქტიურ მუშაობას რეგიონული დაფარვის გაფართოებისა და უწყების ინსტიტუციური გაძლიერებისთვის.