თქვენ იმყოფებით სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ვებგვერდზე. ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად, ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს“ (Cookies). „მზა-ჩანაწერებს“ გამოყენების თაობაზე დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, გადახვიდეთ შემდეგ ბმულზე მზა-ჩანაწერების“ პოლიტიკა.
თანახმა ვარ „მზა-ჩანაწერების“ გამოყენებაზე არ ვარ თანახმა „მზა-ჩანაწერების“ გამოყენებაზე

24 დეკემბერი 2020

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტში პირველი სტაჟიორ-გამომძიებლები დაინიშნენ

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში 4-ეტაპიანი ღია კონკურსის საფუძველზე შერჩეული 5 სტაჟიორ-გამომძიებელი დაინიშნა. შერჩეული კანდიდატები ერთ წლამდე ანაზღაურებად სტაჟირებას სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის აღმოსავლეთ სამმართველოში გაივლიან.

ახალდდანიშნულ სტაჟიორ-გამომძიებლებთან პირველი შეხვედრა სახელმწიფო ინსპექტორმა, ლონდა თოლორაიამ გამართა და მათ მომავალ პროფესიულ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. შეხვედრას სახელმწიფო ინსპექტორის პირველი მოადგილე, გიორგი გამეზარდაშვილი და სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

,,სტაჟირება ახალი, ძლიერი და მაღალკვალიფიციური კადრების მოზიდვისა და განვითარების ერთ-ერთი საუკეთესო გზაა. სწორედ ამ მიზნით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში სტაჟიორ-გამომძიებელთა პროგრამა საქმიანობის პირველივე წლიდან დავნერგეთ. მოხარულნი ვართ, რომ დღეიდან ჩვენს გუნდს ახალგაზრდა და მოტივირებული ადამიანები შემოუერთდით, რომელთა ხედვა და მონდომება სამსახურს კიდევ უფრო მეტ ენერგიას შესძენს. 1 წლის განმავლობაში, თქვენ აღჭურვილნი იქნებით გამომძიებლის უფლებამოსილებით, რაც ერთი მხრივ გაძლევთ უდიდეს შესაძლებლობას და მეორე მხრივ, გაკისრებთ უდიდეს პასუხისმგებლობას. დარწმუნებული ვარ, ერთად დავამკვიდრებთ სტაჟირების კარგ პრაქტიკას, რომელიც მომავალი სტაჟიორებისთვის იქნება წარმატებული მაგალითი“ - განაცხადა ლონდა თოლორაიამ.

სტაჟირების ამოქმედების პარალელურად, ახალი კადრების პროფესიული განვითარების ხელშეწყობის მიზნით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში მენტორობის პროგრამა დაინერგა. პროგრამის ფარგლებში ახალდდანიშნულ სტაჟიორ-გამომძიებლებს მხარდაჭერას სამსახურის გამოცდილი გამომძიებლები გაუწევენ, რომლებიც მათ პროფესიული საქმიანობისთვის აუცილებელი ცოდნის, უნარების გამომუშავებასა და გამოძიების პროცესში წარმოშობილ პრაქტიკულ გამოწვევებთან გამკლავებაში დაეხმარებიან. მენტორების პროგრამა აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტთან თანამშრომლობით შემუშავდა.

სტაჟიორ-გამომძიებელთა შესარჩევი კონკურსი 2020 წლის 5 ოქტომბერს გამოცხადდა. კონკურსზე 245 მსურველის განაცხადი შემოვიდა. 4-ეტაპიანი კონკურსის შედეგად, კანდიდატები მათი პროფესიული ცოდნისა და უნარების საფუძველზე შეირჩნენ. საკონკურსო კომისიაში მოწვეულნი იყვნენ არასამთავრობო სექტორისა და აკადემიური წრის წარმომადგენლები.
სტაჟიორ-გამომძიებლები საწყის ეტაპზე სპეციალური მოსამზადებელი კურსს გაივლიან. სასწავლო პროგრამა ორიენტირებულია იმ პრაქტიკული ცოდნის გაზიარებაზე, რომელიც მათ ყოველდღიურ საქმიანობაში არსებული გამოწვევების დაძლევასა და პროფესიული საქმიანობის ეფექტიანად განხორციელებაში დაეხმარებათ.