თქვენ იმყოფებით სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ვებგვერდზე. ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად, ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს“ (Cookies). „მზა-ჩანაწერებს“ გამოყენების თაობაზე დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, გადახვიდეთ შემდეგ ბმულზე მზა-ჩანაწერების“ პოლიტიკა.
თანახმა ვარ „მზა-ჩანაწერების“ გამოყენებაზე არ ვარ თანახმა „მზა-ჩანაწერების“ გამოყენებაზე

01 დეკემბერი 2021

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის პოზიცია საკანონმდებლო ინიციატივის ძირითად საკითხებთან დაკავშირებით

 

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ეხმიანება საგამოძიებო და საპროკურორო უფლებამოსილების გამიჯვნასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც საქართველოს მთავრობამ საქართველოს პარლამენტს წარუდგინა. საკანონდებლო პაკეტი შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ არის მომზადებული.

საგამოძიებო და საპროკურორო უფლებამოსილების გამიჯვნის რეფორმა ყველა საგამოძიებო უწყებისთვის მნიშვნელოვანია, თუმცა აღნიშნული ინიციატივა კიდევ უფრო განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის, რომლის დამოუკიდებლობის ხარისხი და ქმედითობა სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომელთა და სხვა საჯარო მოხელეთა მიერ ჩადენილი ძალადობრივი დანაშაულების ეფექტიანი გამოძიებისთვის არსებითად მნიშვნელოვანია.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურზე პროკურატურის სრული კონტროლისა და ამ მიმართულებით დროული საკანონმდებლო ცვლილებების საჭიროება ხაზგასმით აღინიშნა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მიერ ცინცაბაძის ჯგუფის საქმეების 2020 წლის 1-3 დეკემბრის 1390-ე შეხვედრის (DH) ზოგადი ღონისძიებების ფარგლებში.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შეფასებით, საქართველოს პარლამენტში წარდგენილი საკანონმდებლო ცვლილებები: ვერ უზრუნველყოფს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის პროკურატურისგან დამოუკიდებლობას, სამსახურს არ ანიჭებს მნიშვნელოვანი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შესახებ გადაწყვეტილების პროკურორისგან დამოუკიდებლად მიღების უფლებამოსილებას, ვერ პასუხობს საგამოძიებო და საპროკურორო ფუნქციების გამიჯვნის რეფორმის მიზანს და სრულად არ ეხმიანება აღნიშნულ რეფორმასთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.

აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა საკანონდებლო პაკეტზე მისი დასაბუთებული მოსაზრებები წარუდგინა როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს, ასევე საქართველოს მთავრობას, რომელთა დიდი ნაწილი საქართველოს პარლამენტში წარდგენილ კანონპროექტში ასახული არ არის. კერძოდ, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა, აღნიშნულ უწყებებს, რიგ სამართლებრივ საკითხებზე, სამსახურთან მიმართებით საგამოძიებო და საპროკურორო უფლებამოსილების გამიჯვნის განსხვავებული რეგულაციები შესთავაზა, თუმცა საქართველოს პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტით სამსახურისთვის მინიჭებული უფლებები სხვა საგამოძიებო უწყებების იდენტურია. შესაბამისად, საკანონმდებლო პაკეტი არ/ვერ პასუხობს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის წინაშე არსებულ გამოწვევებს - არ არის მხედველობაში მიღებული სამსახურის ბუნება, მანდატი, მისი შექმნისა და საქმიანობის მიზანი, სამსახურის ქვემდებარე დანაშაულების გამოძიების თავისებურებები და მოხელეთა მიერ ჩადენილ დანაშაულებზე გამოძიების დამოუკიდებლად ჩატარების მნიშვნელობა.

იმ პირობებში, როცა საგამოძიებო და საპროკურორო უფლებამოსილების მკაფიო, დროული და სრულყოფილი გამიჯვნა წარმოადგენს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ეფექტიანი ფუნქციონირების ერთ-ერთ აუცილებელ წინაპირობას, საქართველოს პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტით, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, სამსახური კვლავ პროკურატურაზე დამოკიდებული რჩება. კერძოდ: პროკურორს უნარჩუნდება სრული კონტროლი ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებაზე; ასევე, 2024 წლის 1 იანვრამდე, პროკურორს უნარჩუნდება სრული კონტროლი ადამიანის უფლებათა შემზღუდავი საგამოძიებო მოქმედებების (ჩხრეკა, ამოღება, კომპიუტერული მონაცემის გამოთხოვა და ა.შ.) ჩატარებაზე, ხოლო, 2024 წლის 1 იანვრის შემდგომ, გამომძიებლის მიერ სასამართლოსთვის შუამდგომლობით მიმართვის უფლება შეზღუდულია (ეს შესაძლებელი იქნება მხოლოდ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებამდე); ზემდგომ პროკურორს უნარჩუნდება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის წარმოებაში არსებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების პროცესში სხვა საგამოძიებო უწყების გამომძიებლის ჩართვის უფლება; გენერალურ პროკურორს კვლავ რჩება ერთი საგამოძიებო ორგანოდან საქმის ამოღებისა და სხვა საგამოძიებო ორგანოსთვის მისი გამოსაძიებლად გადაცემის უფლება, საგამოძიებო ქვემდებარეობის მიუხედავად; პროკურორს უნარჩუნდება გამოძიების შეწყვეტის უფლება; ასევე, პროკურორს უნარჩუნდება, სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებამდე, საჩივრის საფუძველზე სისხლის სამართლის საქმეზე კვალიფიკაციის შეცვლის უფლება და სხვა.

საგამოძიებო და საპროკურორო ფუნქციების არასწორი გადანაწილების პარალელურად, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური არ ეთანხმება სამსახურთან მიმართებით კანონის 1 წლის შემდგომ (2023 წლის 1 იანვარს) ამოქმედებასა და 2024 წლის პირველ იანვრამდე ადამიანის უფლებათა შემზღუდავი საგამოძიებო მოქმედებების პროკურორის ჩარევის გარეშე ჩატარების შეზღუდვას. აღნიშნული სამსახურს კიდევ ორი წელი სრულად დამოკიდებულს ტოვებს პროკურატურაზე, რაც საფრთხეს უქმნის დროული და დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარებას და კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს სამსახურის ეფექტიანობას.

ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური არ საჭიროებს გარდამავალ პერიოდს საკანონმდებლო ცვლილებებისთვის მოსამზადებლად, ვინაიდან, ამ შემთხვევაში არ არსებობს ის დამაბრკოლებელი გარემოებები, რომლებსაც შესაძლოა ადგილი ჰქონდეს სხვა საგამოძიებო უწყებებთან მიმართებით. სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტში დასაქმებულნი არიან უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე მაღალი კვალიფიკაციის გამომძიებლები, რომლებიც შერჩეულნი არიან რამდენიმე ეტაპიანი კონკურსის საფუძველზე, არასამთავრობო სექტორისა და აკადემიური წრის წარმომადგენლების ჩართულობით. შესაბამისად, სამსახურის გამომძიებლები მათთვის დაკისრებული ახალი ფუნქციების შესრულებას დაუბრკოლებლად შეძლებენ.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა საკანონმდებლო ინიციატივაზე მოსაზრებები საქართველოს პარლამენტსაც წარუდგინა. იმედს გამოვთქვამთ, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ, კანონპროექტის განხილვისას, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის წინაშე არსებული გამოწვევები და სამსახურის საგამოძიებო მანდატის თავისებურებები მხედველობაში იქნება მიღებული.

კანონპროექტის თანახმად: 

 

  • პროკურორს უნარჩუნდება სრული კონტროლი ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებაზე, მათ შორის, სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებამდე. გამომძიებელს არ აქვს უფლება, პროკურორის თანხმობის გარეშე, მიმართოს სასამართლოს შუამდგომლობით ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ, მაშინ როცა მოხელეთა მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოძიებისას, ფარული საგამოძიებო მოქმედება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი (ზოგჯერ გადამწყვეტიც) საგამოძიებო მოქმედებაა, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როცა არსებობს დაზარალებულზე/მოწმეზე ზემოქმედების დასაბუთებული ეჭვი ან/და საფრთხე. შესაბამისად, ამ კატეგორიის სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიების პროცესში, საგამოძიებო ორგანო კვლავ სრულად დამოკიდებული რჩება პროკურატურაზე. ეს არა მხოლოდ აჭიანურებს გამოძიების პროცესს, არამედ საგამოძიებო უწყებასა და პროკურატურას შორის აზრთა სხვადასხვაობის შემთხვევაში, საგამოძიებო ორგანოს ართმევს აღნიშნული საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისა და მისი მოსაზრების სასამართლოსთვის წარდგენის შესაძლებლობას;

 

  •  ასევე, 2024 წლის 1 იანვრამდე პროკურორს უნარჩუნდება სრული კონტროლი ადამიანის უფლებათა შემზღუდავი საგამოძიებო მოქმედებების (ჩხრეკა, ამოღება, კომპიუტერული მონაცემის გამოთხოვა და ა.შ.) ჩატარებაზე, ხოლო 2024 წლის 1 იანვრის შემდგომ გამომძიებელს შეზღუდული აქვს სასამართლოსთვის შუამდგომლობით მიმართვის უფლება (ეს შესაძლებელი იქნება მხოლოდ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებამდე). აღნიშნული დებულების ამოქმედების გადაწევა, სამსახურს სრულად დამოკიდებულს ტოვებს პროკურატურაზე, რაც საფრთხეს უქმნის დროული და ეფექტიანი გამოძიების ჩატარებას.

 

რაც შეეხება 2024 წლის 1 იანვრის შემდგომ ადამიანის უფლებათა შემზღუდავი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებას, სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების შემდგომ, გამომძიებელს არ აქვს მათი (ჩხრეკა, ამოღება, კომპიუტერული მონაცემის გამოთხოვა და ა.შ.) ჩატარების შესახებ, პროკურორის თანხმობის გარეშე, განჩინების მისაღებად სასამართლოსთვის შუამდგომლობით მიმართვის უფლება. იმის გათვალისწინებით, რომ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების შემდგომ გამომძიებელს კვლავ აკისრია გამოძიების სრულყოფილად, ყოველმხრივ და ობიექტურად ჩატარების ვალდებულება, გამოძიების პროცესში ბრალდების მხარის (პროკურორის) ამ დოზით ჩარევამ შესაძლოა საფრთხე შეუქმნას ეფექტიანი გამოძიების ჩატარებას, მათ შორის, ბრალდებულის გამამართლებელი მტკიცებულებების მოპოვებას. გამომძიებლისთვის აღნიშნული უფლების შეზღუდვა განსაკუთრებით პრობლემურია იმ სისხლის სამართლის საქმეებზე, რომლებზეც სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების შემდგომ, გამოძიება მიმდინარეობს სხვა პირთა მიმართ ან/და დანაშაულის სხვა ეპიზოდებზე.
 
პროკურორის მონაწილეობას ადამიანის უფლებათა შემზღუდავი საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების ჩატარების პროცესში სავალდებულოდ არ მიიჩნევს არც ვენეციის კომისია, თუ მათზე შენარჩუნებული იქნება სასამართლოს კონტროლი.

 

  •  ზემდგომ პროკურორს უნარჩუნდება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის წარმოებაში არსებული სისხლის სამართლის გამოძიების პროცესში სხვა საგამოძიებო უწყების გამომძიებლის ჩართვის უფლება. აღნიშნული ჩანაწერი იძლევა სახელმწიფო ინსპექტორი სამსახურის წარმოებაში არსებული სისხლის სამართლის გამოძიების პროცესში იმ უწყების გამომძიებლის ჩართვის საკანონმდებლო შესაძლებლობას, რომლის წარმომადგენლის მიერ ჩადენილ დანაშაულსაც იძიებს სამსახური, რაც შეუთავსებელია დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოს მანდატთან;

 

  •  საქართველოს პროკურატურას (გენერალურ პროკურორს და მის მიერ უფლებამოსილ პირს) უნარჩუნდება ერთი საგამოძიებო ორგანოდან საქმის ამოღებისა და სხვა საგამოძიებო ორგანოსთვის მისი გამოსაძიებლად გადაცემის უფლება, საგამოძიებო ქვემდებარეობის მიუხედავად. გენერალური პროკურორის ეს უფლებამოსილება განსაკუთრებით პრობლემურია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეებთან მიმართებით. გასათვალისწინებელია ისიც, რომ გენერალური პროკურორის აღნიშნული უფლებამოსილება შეფასებულია უარყოფითად ცინცაბაძის ჯგუფის საქმეებზე ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის გადაწყვეტილებებით. ასევე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 23 სექტემბრის გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად არის ცნობილი გენერალური პროკურორისთვის მინიჭებული ამ უფლებამოსილების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც მას აძლევს წამების, წამების მუქარის ან დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის კვალიფიკაციის სისხლის სამართლის საქმეების იმ საგამოძიებო ორგანოსთვის გადაცემის უფლებას, რომლის თანამშრომლის მიმართაც არსებობს აღნიშნული ქმედებების ჩადენის ობიექტური ვარაუდი;

 

  • პროკურორს უნარჩუნდება გამოძიების შეწყვეტის უფლება. ცხადია, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური აცნობიერებს გამოძიების შეწყვეტის გადაწყვეტილებებზე საპროკურორო ზედამხედველობის მნიშვნელობას, თუმცა გამოძიების შეწყვეტის დადგენილების პროკურორთან გასაჩივრების მექანიზმი და პროკურორისთვის მისი ინიციატივით გამოძიების შეწყვეტის დადგენილების გაუქმების შესაძლებლობა, გამორიცხავდა საგამოძიებო ორგანოს მიერ სისხლის სამართლის საქმეებზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ უკანონო გადაწყვეტილების მიღების რისკებს, მაშინ როცა საგამოძიებო ორგანოსთვის გამოძიების შეწყვეტის უფლებამოსილება უზრუნველყოფს დროული შემაჯამებელი გადაწყვეტილებების მიღებას;

 

  • პროკურორს უნარჩუნდება, სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებამდე, საჩივრის საფუძველზე სისხლის სამართლის საქმეზე კვალიფიკაციის შეცვლის უფლება. იმის გათვალისწინებით, რომ შესაძლოა პროკურორმა სისხლის სამართლის საქმეს მიანიჭოს ისეთი კვალიფიკაცია, რომელიც გამორიცხავს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ გამოძიების გაგრძელებას (ვინაიდან ახალი კვალიფიკაცია შესაძლოა არ წარმოადგენდეს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ქვემდებარე დანაშაულს), არსებითად მნიშვნელოვანია პროკურორის მიერ კვალიფიკაციის შეცვლასთან დაკავშირებით საჩივრის გადაწყვეტისას საგამოძიებო ორგანოს კანონმდებლობით ჰქონდეს გარანტირებული მისი მოსაზრებების პროკურორისთვის წარდგენის უფლებამოსილება. წინააღმდეგ შემთხვევაში, იქმნება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ქვემდებარე სისხლის სამართლის საქმის სხვა საგამოძიებო ორგანოსთვის, კვალიფიკაციის შეცვლის გზით, გამოსაძიებლად გადაცემის საფრთხე.