თქვენ იმყოფებით სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ვებგვერდზე. ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად, ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს“ (Cookies). „მზა-ჩანაწერებს“ გამოყენების თაობაზე დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, გადახვიდეთ შემდეგ ბმულზე მზა-ჩანაწერების“ პოლიტიკა.
თანახმა ვარ „მზა-ჩანაწერების“ გამოყენებაზე არ ვარ თანახმა „მზა-ჩანაწერების“ გამოყენებაზე

25 მარტი 2021

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის განცხადება სარგებლობაში გადაცემული შენობის სარემონტო სამუშაოებთან დაკავშირებით

გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ დეტალური ინფორმაცია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის სარგებლობაში არსებული შენობის სარემონტო სამუშაოებთან დაკავშირებით.


სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს, შექმნის დღიდან ბევრ გამოწვევასთან უწევს გამკლავება, მათ შორის არის ინფრასტრუქტურული გამოწვევები. სამსახურის მიერ გაწეული ძალისხმევით, სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტს, დღეის მდგომარეობით, ქუთაისსა და ბათუმში ფუნქციონირებისთვის გადმოცემული აქვს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება, ხოლო რაც შეეხება თბილისს, საგამოძიებო დეპარტამენტის აღმოსავლეთის სამმართველო დღემდე განთავსებულია იჯარით აღებულ კერძო საკუთრებაში. სამსახურისთვის კვლავ გამოწვევად რჩება, კახეთში, სამცხე-ჯავახეთში, შიდა ქართლში და სამეგრელოში რეგიონალური ოფისების არარსებობა.

გამოწვევების დაძლევის პროცესში, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური მაღალი პასუხისმგებლობით ეკიდება სახელმწიფო საბიუჯეტო სახსრების რაციონალურ და მიზნობრივ ხარჯვას. 


ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის გავრცელებით ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა შეამცირა 2020 წლის საბიუჯეტო ხარჯები. სამსახურმა განახორციელა მხოლოდ მაღალი პრიორიტეტულობის მქონე პროექტები, რომლებიც აუცილებელი იყო ახლად შექმნილი სამსახურის ფუნქციონირებისთვის;  მნიშვნელოვნად შეზღუდა თანამშრომელთა წახალისების მიზნით დანამატებისა და პრემიის გაცემა, მიუხედავად იმისა, რომ სამსახურის რამდენიმე დანაყოფს ინფიცირების საფრთხის პირობებში 24 საათიან რეჟიმში უწევდა მუშაობა; ასევე შეამცირა სამივლინებო და წარმომადგენლობითი ხარჯები. ზემოაღნიშნული ნაბიჯების შედეგად, სახელმწიფო ინსპექტორის წინადადების საფუძველზე, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის 2020 წლის ბიუჯეტი (რომელიც შეადგენდა 8 მილიონ ლარს) შემცირდა ერთი მილიონი ლარით.


რაც შეეხება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის სარგებლობაში არსებული შენობის სარემონტო სამუშაოების საჭიროებას, 2019 წლის 1-ელ ნოემბრამდე სახელწიფო ინსპექტორის სამსახურის თანამშრომლები განთავსებული იყვნენ მხოლოდ თბილისში, ვაჩნაძის ქუჩაზე მდებარე ადმინისტრაციულ შენობაში. 2019 წლის 1-ელი ნოემბრიდან სამსახურს დაემატა ახალი საგამოძიებო ფუნქცია და თანამშრომელთა რაოდენობა თითქმის გაორმაგდა. ვინაიდან თბილისში, ვაჩნაძის ქუჩაზე მდებარე ადმინისტრაციული შენობის ფართი არ იძლეოდა მასში დამატებით სხვა თანამშრომლების განთავსების საშუალებას, საგამოძიებო დეპარტამენტის ფუნქციონირებისთვის საჭირო იყო სხვა შენობა. უფრო მეტიც, ვაჩნაძის ქუჩაზე მდებარე ფართი, სიმცირისა და შენობის ავარიული მდგომარეობის გამო, ვერ უზრუნველყოფდა (და ამჟამადაც ვერ უზრუნველყოფს) იმ თანამშრომელთა ღირსეულ სამუშაო გარემოსაც კი, რომლებიც განთავსებულნი იყვნენ აღნიშნულ შენობაში.

საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომელთა განსათავსებლად და საგამოძიებო ოთახების მოსაწყობად საკმარისი ფართის მქონე შენობის მოძიებისა და სამსახურის სარგებლობაში გადმოცემის მიზნით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა არაერთხელ მიმართა სხვადასხვა სახელმწიფო უწყებას, მათ შორის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას, თუმცა, მსგავსი ფართის მოძიება ვერ მოხერხდა. ერთადერთი ფართი, რომელიც სამსახურს სახელმწიფოსგან სარგებლობაში ჰქონდა გადმოცემული იყო წყნეთში მდებარე შენობა, რომლის სარემონტო სამუშაოებისთვის საჭირო ფულადი თანხა (2018 წლის მდგომარეობით შეფასებული 1 400 000 ლარად) სახელმწიფოს არ გამოუყვია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის.

ბიუჯეტში სათანადო სახსრების არსებობის პირობებშიც კი, წყნეთში მდებარე ფართში, საგამოძიებო დეპარტამენტის მუშაობა ვერ იქნებოდა ეფექტიანი მისი ლოკაციისა და ფართის სიმცირის გამო (ფართი არ არის საკმარისი საგამოძიებო ოთახების მოსაწყობად და გამომძიებელთა განსათავსებლად, ასევე მოუხერხებელია პროცესის მონაწილეებისთვის, რაც გაართულებდა საგამოძიებო ორგანოში მათ გამოცხადებას და ა.შ.). 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გამო, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური იძულებული გახდა, საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომელთა განსათავსებლად 2019 წლის 1-ელი ნოემბრიდან იჯარით აეღო თბილისში, მ. ასათიანის ქუჩაზე მდებარე კერძო საკუთრებაში არსებული შენობა, რომლისთვისაც სამსახურის ბიუჯეტიდან ყოველწლიურად ხდება 198 240 აშშ დოლარის გადახდა.


ვინაიდან დღეის მდგომარეობით სამსახური თბილისში განთავსებულია ორ ლოკაციაზე და თითოეული ფართი დამოუკიდებლად არ არის საკმარისი თანამშრომელთა განთავსებისა და სამსახურის ეფექტიანი ფუნქციონირებისთვის, ამასთან, ერთმანეთთან არსებითად დაკავშირებულ დეპარტამენტებს დღის განმავლობაში უწევთ რამდენჯერმე გადაადგილება ოფისებს შორის საქმიანობის კოორდინაციისთვის, სამსახურისთვის არსებითად მნიშვნელოვანია ჰქონდეს შენობა, რომლის იჯარისთვის სამსახურს არ მოუწევს მისი ბიუჯეტიდან ყოველწლიურად სოლიდური თანხის გადახდა, უზრუნველყოფს სამსახურის ეფექტიან ფუნქციონირებასა და სამსახურის ინსტიტუციურ გაძლიერებას, ასევე სამსახურის თბილისში განთავსებული ყველა თანამშრომლისთვის  უსაფრთხო და ღირსეული სამუშაო გარემოს შექმნას.


2020 წლის სექტემბერში, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მხარდაჭერით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს სარგებლობაში გადმოეცა ქ. თბილისში, ხეთაგუროვის ქუჩაზე მდებარე საჯარო რეესტრის ყოფილი შენობა, რომლის ფართი და მდებარეობა ერთი მხრივ უზრუნველყოფს სამსახურის ეფექტიან ფუნქციონირებას, ხოლო მეორე მხრივ იქნება მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომი. შენობას არ აქვს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი და თანამშრომელთა განთავსებამდე იგი საჭიროებს სარემონტო სარეაბილიტაციო სამუშაოებს.


ვინაიდან მიმდინარე წელს სამსახურს ბიუჯეტიდან კვლავ არ აქვს გამოყოფილი საკმარისი სახსრები, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესების სრული დაცვით, სარემონტო სამუშაოების ჩატარებასთან დაკავშირებით გამოცხადდა მრავალწლიანი ტენდერი. ელექტრონული ტენდერი ჩატარდა გამჭვირვალედ. შესყიდვის მონაწილეთათვის უზრუნველყოფილი იყო ღია და ეფექტიანი კონკურენცია. სატენდერო კომისიის მიერ განხილული იქნა სახელმწიფო შესყიდვაში მონაწილე ყველაზე დაბალფასიანი პრეტენდენტის სატენდერო წინადადება.


სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის წინაშე არსებული არაერთი სირთულისა და გამოწვევის მიუხედავად, სამსახური აკეთებს მაქსიმუმს როგორც პერსონალურ მონაცემთა დაცვის, ასევე საგამოძიებო მიმართულებით მასზე დაკისრებულ ფუნქციების ეფექტიანი განხორციელებისათვის.