ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

13 დეკემბერი 2019

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებლებს ,,სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულთა ეფექტიან გამოძიებაზე“ ტრენინგი ჩაუტარდათ

დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა.

აღნიშნული კატეგორიის დანაშაულებზე გამოძიების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფისა და გამოძიების პროცესში საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის მიზნით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებლებს ,,სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულთა ეფექტიან გამოძიებაზე“ ტრენინგი ჩაუტარდათ.

გამომძიებელთა ტრენინგი სახელმწიფო ინსპექტორმა - ლონდა თოლორაიამ და ადამიანის უფლებათა გაეროს უმაღლესი კომისრის ოფისის ხელმძღვანელმა სამხერთ კავკასიაში - ვლადიმირ შკოლნიკოვმა გახსნეს. მომხსენებლებმა აღნიშნული მიმართულებით გამომძიებელთა გადამზადების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

სწავლება ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისარიატის მიერ არის ორგანიზებული. ტრენინგს ექსპერტები ბესარიონ ბოხაშვილი და გიორგი ჩხეიძე უძღვებოდნენ.

ტრენინგის ფარგლებში სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებლები შეისწავლიან ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს როგორიცაა: სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის ელემენტები, აღნიშნული სახის დანაშაულის მოწმეებთან და დაზარალებულებთან მუშაობის სპეციფიკა, მტკიცებულებების შეგროვებისა და საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების თავისებურებები, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებები.