თქვენ იმყოფებით სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ვებგვერდზე. ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად, ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს“ (Cookies). „მზა-ჩანაწერებს“ გამოყენების თაობაზე დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, გადახვიდეთ შემდეგ ბმულზე მზა-ჩანაწერების“ პოლიტიკა.
თანახმა ვარ „მზა-ჩანაწერების“ გამოყენებაზე არ ვარ თანახმა „მზა-ჩანაწერების“ გამოყენებაზე

22 მაისი 2021

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური გაეროს დანაშაულის პრევენციისა და სისხლის სამართლის მართლმსაჯულების კომისიის 30-ე სესიაში ჩაერთო

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საერთაშორისო ურთიერთობების, ანალიტიკისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსი თამარ ზუბაშვილი გაეროს დანაშაულის პრევენციისა და სისხლის სამართლის მართლმსაჯულების კომისიის 30-ე სესიის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა. შეხვედრის თემა იყო „ანგარიშვალდებული და ეფექტიანი სამართალდამცავები - ძალის გამოყენება, დამოუკიდებელი საგამოძიებო უწყებები და მსხვერპლთა და სამოქალაქო საზოგადოების როლი“.

ღონისძიების მიზანს წამებასთან ბრძოლისა და სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძალის გამოყენების წინააღმდეგ სამართლებრივი დაცვის მექანიზმების, არსებული გამოწვევებისა და საუკეთესო პრაქტიკების განხილვა წარმოადგენდა.

სიტყვით გამოსვლისას თამარ ზუბაშვილმა დამოუკიდებელი საგამოძიებო უწყებების ეფექტიანი ფუნქციონირების ისეთ აუცილებელ წინაპირობებზე ისაუბრა, როგორიც არის საკანონმდებლო, ტექნიკური და პოლიტიკური გარანტიები. საუბარი ასევე შეეხო სამსახურის წინაშე არსებულ გამოწვევებსა და მათ გადასაჭრელად გადასადგმელ ნაბიჯებს.

შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო „ღია საზოგადოების სამართლებრივი ინიციატივის“ (OSJI) მიერ მომზადებული ანგარიში “ვინ ზედამხედველობს პოლიციას? დამოუკიდებელი უწყებების როლი სახელმწიფო მოხელეების წინააღმდეგ საქმეების გამოძიებაში“. ანგარიშში განხილულია პოლიციელებისა და სხვა საჯარო მოხელეების მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოძიების უფლებამოსილების განმახორციელებელი დამოუკიდებელი საგამოძიებო უწყებების, მათ შორის, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის, პრაქტიკა.

ღონისძიება ორგანიზებული იყო „ღია საზოგადოების სამართლებრივი ინიციატივის“ (OSJI), გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ბიუროს (UNODC), წამების წინააღმდეგ ბრძოლის მსოფლიო ორგანიზაციისა (OMCT) და ავსტრიაში დანიის მუდმივი წარმომადგენლობის მიერ.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის პრიორიტეტულია აწარმოოს ანგარიშვალდებული და გამჭვირვალე საქმიანობა. სამსახურის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა და ანალოგიურ ფორმატებში ჩართულობა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.