თქვენ იმყოფებით სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ვებგვერდზე. ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად, ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს“ (Cookies). „მზა-ჩანაწერებს“ გამოყენების თაობაზე დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, გადახვიდეთ შემდეგ ბმულზე მზა-ჩანაწერების“ პოლიტიკა.
თანახმა ვარ „მზა-ჩანაწერების“ გამოყენებაზე არ ვარ თანახმა „მზა-ჩანაწერების“ გამოყენებაზე

28 დეკემბერი 2021

სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელის მოადგილეს, ასუნსიონ სანჩეზ რუიზსა და ევროკავშირის 8 წევრი ქვეყნის საელჩოების წარმომადგენელს შეხვდა

სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელის მოადგილეს, ასუნსიონ სანჩეზ რუიზსა და ევროკავშირის 8 წევრი ქვეყნის საელჩოების წარმომადგენელს შეხვდა.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში გამართულ შეხვედრას ასევე ნიდერლანდების სამეფოს ელჩი მაიკე ვან კოლდამი, პოლონეთის რესპუბლიკის ელჩი მარიუს მასკიევიჩი, ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩი პეტრ მიკისკა, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩის მოადგილე ტანია ჰუტი, საბერძნეთის ელჩის მოადგილე გიორგოს პაპანიკოლაუ, რუმინეთის მისიის ხელმძღვანელის მოადგილე ისპას დრაგოში, იტალიის საელჩოს მისიის ხელმძღვანელის მოადგილე ნიკოლა იორიო, ესტონეთის საელჩოს წარმომადგენელი პეეტერ პალსი და ევროკავშირის მისიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებასა და მის ნაცვლად - ორი ახალი უწყების შექმნის შესახებ საქართველოს პარლამენტის მიერ მომზადებულ კანონპროექტს ეხებოდა, რომელიც საქართველოს პარლამენტმა დღეს კომიტეტების სხდომებზე განიხილა.

შეხვედრაზე ლონდა თოლორაიამ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა სამსახურის მიერ 2 წლის განმავლობაში მიღწეული პროგრესისა და სამსახურის წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ. ასევე, ლონდა თოლორაიამ ისაუბრა იმ მიზეზებზე, რაც გახდა საქართველოს პარლამენტის მიერ აღნიშნული კანონპროექტის კონსპირაციულად, სასწრაფო წესით შემუშავების მიზეზი.

,,წარმოუდგენელია სამსახურის ამ მასშტაბის რეფორმა თავად სამსახურის ჩართულობის გარეშე. არ არსებობს ამ ფორმითა და მეთოდების უწყებების დაშლის პრეცედენტი. სამსახურის ყველა თანამშრომლის სახლში გაშვება არის ძალიან ცუდი გზავნილი ყველა საჯარო მოხელისთვის. საქართველოს პარლამენტს არ დაუსვამს არც ერთი კითხვა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის მიმდინარე რეფორმასთან დაკავშირებით და აღნიშნულის შესახებ ჩვენთვის ცნობილი გახდა მედიის საშუალებით. მაშინ, როცა ჩვენ საქართველოს პარლამენტს წარვუდგინეთ კანონპროექტი სამსახურის გაძლიერების შესახებ, თურმე პარლამენტი კონსპირაციულად წერდა სამსახურის გაუქმების კანონპროექტს. ეს ,,რეფორმა“ არის სამსახურის დასჯა კანონიერი და მიუკერძოებელი გადაწყვეტილებებისთვის“ - აღნიშნა ლონდა თოლორაიამ.

დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა შეშფოთება გამოთქვეს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ირგვლივ პროცესების არაგამჭვირვალედ და დაჩქარებულად წარმართვა. ამასთან, აღნიშნეს რომ ქვეყნის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოების მიზნით მნიშვნელოვანია ყველა პროცესი განხორციელდეს დაინტერესებულ მხარეთა მაქსიმალური ჩართულობითა და ფართო განხილვის გზით. დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა ხაზი გაუსვეს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის როლს ადამიანის უფლებების დაცვის პროცესში. მათი შეფასებით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში დიპლომატიური კორპუსის ასეთი ფართო შემადგენლობით წარმოდგენა, კიდევ ერთხელ გამოხატავს მათ დიდ მხარდაჭერას სამსახურის მიმართ.