ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

18 ივნისი 2020

ლონდა თოლორაიამ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს სახელმწიფო ანგარიში წარუდგინა

სახელმწიფო ინსპექტორმა, ლონდა თოლორაიამ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის 2019 წელს განხორციელებული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა.

სახელმწიფო ინსპექტორმა, ლონდა თოლორაიამ კომიტეტის წევრებს და დამსწრე საზოგადოებას სამსახურის მიერ გასულ წელს განხორციელებული საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. მან ხაზი გაუსვა ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონის პროექტს, რომელიც სამსახურმა საქართველოს პარლამენტს გასულ წელს წარუდგინა.

,,ახალი კანონის მიღება იქნება უდიდესი წინგადადგმული ნაბიჯი ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით. ეს კანონი კანონმდებლობას დაახლოებს საერთაშორისო სტანდარტებთან, გააუმჯობესებს თითოეულ უწყებაში პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას, უფრო ეფექტიანად დაიცავს ჩვენს პერსონალურ მონაცემებს და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს მისცემს მისი მანდატის უფრო ეფექტიანად განხორციელების შესაძლებლობას. ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონის პროექტით ფართოვდება მონაცემთა სუბიექტების უფლებები; იზრდება მოქალაქეთა წინაშე მონაცემთა დამმუშავებლების ვალდებულებები; უმჯობესდება არასრულწლოვანთა მონაცემების დამუშავების პროცესი და მათი დამუშავება უნდა ემსახურებოდეს მხოლოდ არასრულწლოვნის ინტერესებს; იხვეწება ვიდეოთვალთვალისა და აუდიომონიტორინგის წესები; უმჯობესდება პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისათვის მონაცემთა დამუშავების პროცესი; დიდი რაოდენობით მონაცემთა სუბიექტის მონაცემების დამმუშავებელ ორგანიზაციებს დაევალებათ დანიშნონ მონაცემთა დაცვის ოფიცერი, რომელიც უნდა ფლობდეს სათანადო ცოდნას მონაცემთა დაცვის სფეროში; მკაცრდება პასუხისმგებლობა მონაცემთა არაკანონიერი დამუშავებისთვის''

სამსახურის ანგარიშის ერთი ნაწილი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტს ეხებოდა, რომელმაც მუშაობა 2019 წლის 1-ლი ნოემბრიდან დაიწყო.

ლონდა თოლორაიამ ანგარიშის წარდგენისას, ასევე, ისაუბრა სამსახურის წინაშე არსებულ გამოწვევებზე და მათი გადაჭრის გზებზე.