თქვენ იმყოფებით სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ვებგვერდზე. ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად, ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს“ (Cookies). „მზა-ჩანაწერებს“ გამოყენების თაობაზე დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, გადახვიდეთ შემდეგ ბმულზე მზა-ჩანაწერების“ პოლიტიკა.
თანახმა ვარ „მზა-ჩანაწერების“ გამოყენებაზე არ ვარ თანახმა „მზა-ჩანაწერების“ გამოყენებაზე

25 ოქტომბერი 2021

ლონდა თოლორაია საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს იუსტიციის დეპარტამენტის სამართლებრივ მრჩეველს, ლენა ოუენსს შეხვდა

 სახელმწიფო ინსპექტორ ლონდა თოლორაიასა და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს იუსტიციის დეპარტამენტის სამართლებრივ მრჩეველ ლენა ოუენსს შორის შეხვედრა გაიმართა, რომელსაც სამსახურისა და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს სხვა წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

შეხვედრის მიზანი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მანდატის, სამსახურის წინაშე არსებული გამოწვევებისა და საჭიროებების, ასევე, სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივების განხილვა იყო.

ლონდა თოლორაიამ ლენა ოუენსს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მუშაობის სპეციფიკა და სამსახურის წინაშე არსებული საკანონმდებლო და პრაქტიკული გამოწვევები გააცნო. მათ შორის, საუბარი შეეხო იმ ფაქტორებს, რომლებიც ხელს უშლის გამოძიების ეფექტიან წარმართვას. მხარეებმა ასევე, იმსჯელეს საპროკურორო და საგამოძიებო ფუნქციების გამიჯვნის საკითხზე და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ მომზადებულ საკანონმდებლო წინადადებაზე, რომლის მიზანი სამოხელეო დანაშაულების გამოძიების ეფექტიანობის გაზრდაა. სახელმწიფო ინსპექტორმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საერთაშორისო პარტნიორებისა და მათ შორის, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიერ სამსახურის ინსტიტუციური გაძლიერების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე.

თავის მხრივ, ლენა ოუენსი დაინტერესდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან სხვა საჯარო უწყებებისა და სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლობის ხარისხით, ასევე, სამსახურის დამოუკიდებლობის გაზრდის მიზნით დაგეგმილი აქტივობებით. მან გამოხატა მზაობა, ჩაერთოს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით შემუშავებული საკანონმდებლო წინადადების დახვეწის პროცესში. ლენა ოუენსმა აღნიშნა, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ეფექტიანი ფუნქციონირება და არასათანადო მოპყრობის ფაქტების ობიექტური გამოძიება პირდაპირ არის დაკავშირებული სამართალდამცავი ორგანოების მიმართ საზოგადოების ნდობის ხარისხთან. მან, ასევე, ხაზი გაუსვა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან სხვა სამართალდამცავი უწყებების თანამშრომლობისა და მათი მხრიდან მტკიცებულებების დაუბრკოლებლად მოწოდების მნიშვნელობას.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური საერთაშორისო პარტნიორებთან აქტიურ თანამშრომლობას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს. შეხვედრის ფარგლებში, მხარეები აქტიური სამომავლო თანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.