თქვენ იმყოფებით სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ვებგვერდზე. ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად, ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს“ (Cookies). „მზა-ჩანაწერებს“ გამოყენების თაობაზე დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, გადახვიდეთ შემდეგ ბმულზე მზა-ჩანაწერების“ პოლიტიკა.
თანახმა ვარ „მზა-ჩანაწერების“ გამოყენებაზე არ ვარ თანახმა „მზა-ჩანაწერების“ გამოყენებაზე

28 ოქტომბერი 2021

ლონდა თოლორაია საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) ატაშეს ჰეზერ ე. ბერგს შეხვდა

სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) ატაშეს სამართლებრივ საკითხებში, ჰეზერ ე. ბერგს შეხვდა. შეხვედრას სამსახურისა და აშშ-ს საელჩოს სხვა წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

შეხვედრის მიზანი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის, სამსახურის წინაშე არსებული გამოწვევებისა და საჭიროებების, ასევე, სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობების განხილვა იყო.
 
ლონდა თოლორაიამ გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) ატაშეს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ფუნქციები და სამოხელეო დანაშაულების გამოძიების პროცესში არსებული საკანონმდებლო და პრაქტიკული გამოწვევები გააცნო, ასევე იმ ფაქტორებზეც ისაუბრა, რომლებიც გამოძიების ეფექტიან წარმართვას უშლის ხელს. მხარეებმა განიხილეს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან სხვა საჯარო უწყებებისა და სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლობის საკითხი, საპროკურორო და საგამოძიებო ფუნქციების გამიჯვნის აუცილებლობა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ მომზადებული საკანონმდებლო წინადადება, რომელიც სამოხელეო დანაშაულების გამოძიების ეფექტიანობის გაზრდას ისახავს მიზნად. სახელმწიფო ინსპექტორმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საერთაშორისო პარტნიორების, მათ შორის, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიერ სამსახურის ინსტიტუციური გაძლიერების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე.

თავის მხრივ, ჰეზერ ე. ბერგი დაინტერესდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის დამოუკიდებლობის ხარისხით და ამ მიმართულებით სამსახურის გაძლიერების მიზნით დაგეგმილი აქტივობებით. მან გამოხატა მზაობა, ჩაერთოს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით შემუშავებული საკანონმდებლო წინადადების დახვეწის პროცესში. ასევე, სამსახურს აღუთქვა მხარდაჭერა გამოძიების ფედერალურ ბიუროსთან (FBI) თანამშრომლობის გაღრმავებისა და სამსახურის გამომძიებელთა შესაძლებლობების გაძლიერების პროცესში, მათ შორის, სტანდარტული პროცედურებისა (სოპ) და სახელმძღვანელო დოკუმენტების შემუშავების გზით.

შეხვედრის ფარგლებში, მხარეები აქტიური სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.