ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

28 ოქტომბერი 2020

ლონდა თოლორაია ნორვეგიის სამეფოს ელჩს შეხვდა

სახელმწიფო ინსპექტორი, ლონდა თოლორაია ნორვეგიის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ჰელენ სანდ ანდრესენს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა ნორვეგიის სამეფოს მხარდაჭერით განხორციელებული პროექტები, სამსახურის წინაშე არსებულ გამოწვევები და თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს. შეხვედრას სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისა და ნორვეგიის სამეფოს საელჩოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სახელმწიფო ინსპექტორმა, ლონდა თოლორაიამ ნორვეგიის სამეფოს ელჩს სამსახურის ძირითადი მიღწევები, განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები გააცნო. ასევე, დეტალურად ესაუბრა იმ გამოწვევებზე, რომლებსაც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური პრაქტიკული საქმიანობასა და საკანონდებლო თვალსაზრისით ხვდება. მათ შორის, საუბარი შეეხო სამსახურის მიერ ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ პარლამენტში წარდგენილ კანონის პროექტს. კანონის მიღებისა და მისი შემდგომი იმპლემენტაციის მიზნით გასატარებელი ღონისძიებებს; ფაქტორებს, რომლებიც ხელს უშლის გამოძიების ეფექტიან წარმართვას და მათი აღმოფხვრის მიზნით გასატარებელ ღონისძიებებს; ასევე, სამსახურის ადამიანური და მატერიალურ-ტექნიკური რესურსების გაძლიერების საჭიროებას.


შეხვედრაზე მხარეებმა ორი ქვეყნის კოლეგა უწყებებს შორის თანამშრომლობისა და ურთიერთობების გააქტიურების შესაძლებლობებზეც იმსჯელეს. მათ შორის, გაჟღერდა ნორვეგიის შესაბამის უწყებებში სამსახურის თანამშრომლებისთვის სტაჟირების გავლის ინიციატივა.


ნორვეგიის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩმა საქართველოში, ჰელენ სანდ ანდრესენმა დადებითად შეაფასა სამსახურის მიერ დღემდე გაწეული ძალისხმება და უწყებას შეხვედრის ფარგლებში განხილულ საკითხებზე აქტიური მხარდაჭერა აღუთქვა.


ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ერთ-ერთი მთავარი საერთაშორისო პარტნიორია, რომლის მხარდაჭერითაც სამსახურმა უწყების შესაძლებლობებისა და ინსტიტუციური გაძლიერების პროცესში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა. შეხვედრის ფარგლებში, მხარეები აქტიური სამომავლო თანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.