თქვენ იმყოფებით სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ვებგვერდზე. ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად, ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს“ (Cookies). „მზა-ჩანაწერებს“ გამოყენების თაობაზე დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, გადახვიდეთ შემდეგ ბმულზე მზა-ჩანაწერების“ პოლიტიკა.
თანახმა ვარ „მზა-ჩანაწერების“ გამოყენებაზე არ ვარ თანახმა „მზა-ჩანაწერების“ გამოყენებაზე

16 თებერვალი 2021

ადამიანის წამების, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის წინააღმდეგ ბრძოლის სამოქმედო გეგმა დამტკიცდა

დღეს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროში მოქმედ უწყებათაშორისი საბჭოს სხდომაზე, ადამიანის წამების, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის წინააღმდეგ ბრძოლის 2021-2022 წლების სამოქმედო გეგმა დამტკიცდა.


სხდომას სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის პირველი მოადგილე გიორგი გამეზარდაშვილი და საერთაშორისო ურთიერთობების, ანალიტიკისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსი თამარ ზუბაშვილი ესწრებოდნენ.


სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, რომელიც 2019 წლის 1-ლი ნოემბრის შემდგომ იძიებს დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობის, წამების, წამების მუქარის შესაძლო ფაქტებს, პირველად მონაწილეობდა სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში. სამსახური აქტიურად იყო ჩართული აღნიშნული დოკუმენტით გათვალისწინებული ღონისძიებების განსაზღვრაში. უწყებათაშორისი საბჭოს მიერ გათვალისწინებულ იქნა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ანგარიშში მითითებული გამოწვევები და გეგმაში აისახა სამსახურის მიერ სამუშაო ჯგუფისთვის შეთავაზებული რეკომენდაციების აბსოლუტური უმრავლესობა.


საბჭოს სხდომაზე ხაზგასმული იქნა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის, როგორც წამების, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახავი მოპყრობის ფაქტების გამოძიების დამოუკიდებელი მექანიზმის, ამოქმედების მნიშვნელობა და სამსახურის როლი ამ კატეგორიის დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში.


სამოქმედო გეგმა ითვალისწინებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ინსტიტუციურ გაძლიერებას და დამოუკიდებლობის გამტკიცებას. არასათანადო მოპყრობის შემთხვევების პრევენციის მიზნით გეგმით განსაზღვრულია შემდეგი ღონისძიებების განხორციელება - თავისუფლებაშეზღუდული პირებისთვის არასათანადო მოპყრობისგან დაცვის გარანტიების შესახებ ინფორმაციის დროული მიწოდება, მათი უფლებების რეალიზებისთვის საჭირო მექანიზმების დანერგვა, საჯარო მოხელეების შესაძლებლობების გაძლიერება და საზოგადოების ცნობიერების ამაღლება. არასათანადო მოპყრობის შემთხვევების ეფექტიანი გამოვლენისა და გამოძიების მიზნით გეგმით გათვალისწინებულია შემდეგი აქტივობები - სახელმწიფო უწყებების მიერ სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ჩადენის შესახებ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის შეტყობინებების მიწოდების მექანიზმის გაუმჯობესება, საექსპერტო დაწესებულების მიერ სავარაუდო მსხვერპლისთვის გამოძიების მიერ დანიშნული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზების დროულად ჩატარება და არასამუშაო საათებში/დღეებში ექსპერტიზის ჩასატარებლად მორიგე ექსპერტის განსაზღვრა, სამართალდამცავ ორგანოებში განთავსებული ვიდეოთვალთვალის სისტემების მოწესრიგება და ვიდეოთვალთვალის შედეგად მოპოვებული მასალის დაარქივებისა და შენახვის ვადების ნორმატიულ დონეზე დარეგულირება. ხოლო, არასათანადო მოპყრობის მსხვერპლთა დაცვის მიზნით გეგმით გათვალისწინებულია რესოციალიზაციაზე ორიენტირებული ღონისძიებებისა და ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის პროგრამის გაძლიერება.   


სახელმწიფო უწყებების მიერ გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებების შესრულების დადასტურების ერთ-ერთ წყაროდ განსაზღვრულია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ანგარიში, რომელსაც სამსახური ყოველწლიურად საქართველოს პარლამენტს წარუდგენს. სამსახური მზადაა აქტიურად ითანამშრომლოს საბჭოს წევრ ყველა სახელმწიფო უწყებასთან, სახალხო დამცველის აპარატთან, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების პროცესში.


ადამიანის წამების, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის წინააღმდეგ ბრძოლის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება მნიშვნელოვნად გააძლიერებს ამ კატეგორიის დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლას, როგორც პრევენციის, ასევე გამოძიების ეტაპზე.