თქვენ იმყოფებით სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ვებგვერდზე. ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად, ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს“ (Cookies). „მზა-ჩანაწერებს“ გამოყენების თაობაზე დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, გადახვიდეთ შემდეგ ბმულზე მზა-ჩანაწერების“ პოლიტიკა.
თანახმა ვარ „მზა-ჩანაწერების“ გამოყენებაზე არ ვარ თანახმა „მზა-ჩანაწერების“ გამოყენებაზე

01 აპრილი 2021

2020 წელს განხორციელებულმა საქმიანობამ ნათლად წარმოაჩინა, ის საკანონმდებლო და პრაქტიკული გამოწვევები, რომელთა დაძლევა აუცილებელია ეფექტიანი გამოძიებისთვის

2020  წელს განხორციელებულმა საქმიანობამ ნათლად წარმოაჩინა, ის საკანონმდებლო და პრაქტიკული გამოწვევები, რომელთა დაძლევა აუცილებელია ეფექტიანი გამოძიებისთვის

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ 2020  წელს გამოძიების ეფექტიანობის გაზრდის მიზნით გადადგმული ნაბიჯების პარალელურად, კიდევ უფრო კარგად გამოჩნდა, რა საკანონმდებლო და პრაქტიკული ნაბიჯები უნდა გადაიდგას საქართველოს პარლამენტის, სამართალდამცავი ორგანოების,  სხვა საჯარო უწყებებისა და თავად სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ არასათანადო მოპყრობის პრევენციისა და მოხელეთა მიერ ჩადენილი დანაშაულების ეფექტიანი გამოძიებისთვის:

  • ინსტიტუციური დამოუკიდებლობა - სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ინსტიტუციური დამოუკიდებლობის მიუხედავად, მოქმედი კანონმდებლობა სამსახურს პრაქტიკული დამოუკიდებლობის საკმარის გარანტიებს ვერ უქმნის. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის მინიჭებულ გარკვეულ ექსკლუზიურ უფლებებს (მაგალითად, საგამოძიებო მოქმედების ჩატარების მიზანშეწონილობაზე პროკურორისთვის დასაბუთებული წინადადებით მიმართვის უფლებას) პრაქტიკული შედეგი არ მოაქვს.სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს, ქმედითი საკანონმდებლო ბერკეტების გარეშე უწევს მუშაობა სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომელთა მიერ ჩადენილ დანაშაულებზე. შესაბამისად, სამსახურის ეფექტიანი ფუნქციონირებისთვის, საჭიროა სწრაფი და ქმედითი საკანონმდებლო ნაბიჯების გადადგმა, უპირველეს ყოვლისა, საგამოძიებო და საპროკურორო ფუნქციების გამიჯვნის მიმართულებით. ასევე, აუცილებელია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ისეთი ქმედითი მექანიზმებით აღჭურვა, რომლებიც შეამცირებს სხვა უწყებების გადაწყვეტილებებზე დამოკიდებულებას და უფრო ეფექტიანს გახდის მტკიცებულებათა მოპოვების პროცესს; - პენიტენციურ დაწესებულებებსა და დროებითი მოთავსების იზოლატორებში დაუბრკოლებლად შესვლა, შესაძლო დანაშაულების შესახებ ინფორმაციის დროულად მოწოდების საკანონმდებლო ვალდებულება, სამსახურის მიერ გაგზავნილი წერილების განხილვისთვის შემჭიდროებული ვადის დადგენა და ა.შ. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა მოამზადა საკანონმდებლო წინადადება, რომელიც პასუხობს ანგარიშში მოცემული გამოწვევების დიდ ნაწილს;
  • შესაძლო დანაშაულის შესახებ შეტყობინების მოწოდება - პოტენციური დაზარალებულებისა და რიგ შემთხვევებში სახელმწიფო უწყებების მიერ, შეტყობინებათა ნაწილი შესაძლო დანაშაულების შესახებ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს არ მოეწოდება დაუყოვნებლივ. ეს აფერხებს გამოძიების დროულად დაწყებას, საგამოძიებო მოქმედებების შემჭიდროებულ ვადებში ჩატარებას და ვერ უზრუნველყოფს მტკიცებულებათა განადგურების თავიდან აცილებას;
  • მოთხოვნილი ინფორმაციის მოწოდება - სახელმწიფო უწყებები სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს მოთხოვნილ ინფორმაციას არ აწვდიან შემჭიდროებულ ვადებში, რაც რიგ შემთხვევებში იწვევს იმ მტკიცებულებათა განადგურებას (მაგალითად, ვიდეოჩანაწერების წაშლას), რომელთა მოპოვების საფუძველი სწორედ მოთხოვნილი ინფორმაცია უნდა გამხდარიყო;
  • ვიდეოჩანაწერების მოწოდება - იმ პირობებში, როცა სავარაუდო მსხვერპლთა 40% დანაშაულის ჩადენის ადგილად მიუთითებს ქუჩას, 31% - შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობას, ხოლო 26% - პოლიციის ავტომანქანას, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეთა ეფექტიანი გამოძიებისთვის, არსებითად მნიშვნელოვანი მტკიცებულებაა ვიდეოჩანაწერები. სამწუხაროდ, სავარაუდო დანაშაულის ადგილზე განთავსებული ვიდეოსათვალთვალო სისტემის ჩანაწერები სამსახურს შეფერხებით მიეწოდება. დაბალია შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის სამხრე კამერებისა და პოლიციის განყოფილების შიდა და გარე პერიმეტრზე განთავსებული ვიდეოკამერების ჩანაწერების მოწოდების მაჩვენებელი (სამხრე კამერების ჩანაწერების მოწოდების მაჩვენებელი - 41%-ია, პოლიციის განყოფილებებში განთავსებული კამერების ჩანაწერების მოწოდების მაჩვენებელი - 48%). ერთადერთი დანაყოფი, რომელმაც საგამოძიებო დეპარტამენტს ყველა მოთხოვნილი ჩანაწერი დროულად მიაწოდა არის შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტი. მაღალია ასევე სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან, კერძო პირებისგან და კერძო დაწესებულებებიდან ჩანაწერების მოწოდების მაჩვენებელი (87%);
  • სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარება - 2020 წელს, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსთან თანამშრომლობით, შემცირდა სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების ვადები. არის ცალკეული შემთხვევები, როცა ექსპერტიზის დასკვნების მოწოდება თვეობით გვიანდება. შესაბამისად, სამსახურები აგრძელებენ ამ საკითხზე კოორდინაციას კიდევ უფრო გაუმჯობესების მიზნით, თუმცა კვლავ უდიდეს პრობლემად რჩება კომისიური სამედიცინო ექსპერტიზების ჩატარება;
  • საზოგადოების ცნობიერება - სამწუხაროდ, სამართალდამცავთა მხრიდან შესაძლო დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, კვლავ ბევრი მოქალაქე მიმართავს იმავე უწყებას და არა პირდაპირ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს, რაც ასევე აფერხებს გამოძიების პროცესს. შესაბამისად, სამსახურმა უნდა განაგრძოს მუშაობა საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებლად მისი საქმიანობისა და საგამოძიებო ფუნქციების შესახებ;
  • გამომძიებელთა რაოდენობა - სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში გამომძიებელთა რაოდენობა არასაკმარისია. 2020 წელს სამსახურმა საქართველოს მთავრობას წარუდგინა წინადადება საშტატო რიცხოვნობის გაზრდის შესახებ, მაგრამ მათი რაოდენობა კვლავ უცვლელია. ადგილზე ოფისების არარსებობის გამო, გამომძიებლებს ხშირად უწევთ რეგიონებში გადაადგილება, რაც, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარების მიზნებისთვის სამუშაო დროის; სრულად გამოყენებას შეუძლებელს ხდის; და ამასთან, ზრდის ფინანსურ ხარჯებს;
  • ინფრასტრუქტურა, რეგიონული ოფისები - რეგიონული დაფარვა და ადგილზე ოფისების არარსებობა, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მნიშვნელოვანი გამოწვევაა. სამსახურის ძალისხმევით, საგამოძიებო დეპარტამენტს ქუთაისსა და ბათუმში ფუნქციონირებისათვის გადაეცა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება. თბილისში საგამოძიებო დეპარტამენტის აღმოსავლეთის სამმართველო დღემდე განთავსებულია იჯარით აღებულ კერძო საკუთრებაში, რაშიც სამსახური ბიუჯეტიდან ყოველწლიურად იხდის სოლიდურ თანხას. 2020 წელს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მხარდაჭერით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს სარგებლობაში გადაეცა ქ. თბილისში მდებარე შენობა. თუმცა, შენობა საჭიროებს სარემონტო სარეაბილიტაციო სამუშაოებს, მიმდინარე წელს კი სამსახურს ბიუჯეტიდან საკმარისი სახსრები არ გამოეყო. ამიტომ, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესების სრული დაცვით, სარემონტო სამუშაოების ჩასატარებლად მრავალწლიანი ტენდერი გამოცხადდა. სამსახურისთვის კვლავ პრობლემურია რეგიონული ოფისების არარსებობა კახეთში, სამცხე-ჯავახეთში, შიდა ქართლსა და სამეგრელოში, რაც ართულებს საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებას.


იხილეთ ანგარიშის სრული ელექტრონული ვერსია