Website works in test mode

24 Jul 2020

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურსა და სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

მემორანდუმს ხელი სახელმწიფო ინსპექტორმა ლონდა თოლორაიამ და სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსმა გელა გელაძემ მოაწერეს. 

მემორანდუმის მიზანია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის წარმოებაში არსებული სისხლის სამართლის საქმეების გამოძიების პროცესში მონაწილე არასრულწლოვნებისთვის, მათ ინტერესებზე მორგებული გარემოს შექმნა და განათლების სფეროში არასრულწლოვანთა პერსონალური მონაცემების დაცვის მდგომარეობის გაუმჯობესება.  

სისხლის სამართლის საქმის გამოძიების პროცესში მონაწილე მოწმე და მსხვერპლი ბავშვები, მათ ინტერესებზე ორიენტირებულ მიდგომას საჭიროებენ. მნიშვნელოვანია, რომ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში სპეციალიზებულმა გამომძიებელმა, არასრულწლოვნის მონაწილეობით ჩატარებულ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებაზე ფსიქოლოგის დასწრება უზრუნველყოს. არასრულწლოვანთა ფსიქოლოგების მოძიება გამოწვევებთან არის დაკავშირებული - შეზღუდულია მათი რაოდენობა და რთულია მათი დროული ხელმისაწვდომობა. სწორედ ამიტომ, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურსა და სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურს შორის გაფორმდა მემორანდუმი, რომლის ფარგლებში უწყებები მჭიდრო და ეფექტიან თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის ფსიქოლოგები არასრულწლოვანთა მონაწილეობით ჩატარებულ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებში ჩაერთვებიან.

აღსანიშნავია, რომ სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრი  არასრულწლოვანებთან მუშაობის გამოცდილების მქონე პროფესიონალებით არის დაკომპლექტებულია.  

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურსა და სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურს შორის გაფორმებული მემორანდუმი, ასევე, ითვალისწინებს თანამშრომლობას პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებზე. სამსახურები ერთობლივად დაგეგმავენ ღონისძიებებს განათლების სფეროში პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებზე ცნობიერების ამაღლებისა და საგანმანათლებლო დაწესებულებებში პერსონალურ მონაცემთა დაცვის მდგომარეობის გაუმჯობესების მიმართულებით.