Website works in test mode

27 Jul 2020

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა რეგიონული შეხვედრები დაიწყო

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა ქვეყნის მასშტაბით საჯარო უწყებებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრების ციკლი დაიწყო. პირველი შეხვედრა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკაში მოქმედ უწყებებთან და ორგანიზაციებთან ქალაქ ბათუმში გაიმართა. ღონისძიება სახელმწიფო ინსპექტორმა - ლონდა თოლორაიამ გახსნა.

შეხვედრების მიზანი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის შესახებ მონაწილეთა ინფორმირება, არსებულ გამოწვევებზე მსჯელობა და რეგიონებში არსებულ სახელმწიფო უწყებებთან და ადგილობრივ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გაღრმავებაა.

ბათუმში გამართულ შეხვედრებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს, მთავრობის, სამინისტროების, ადგილობრივი თვითმმართველობის, უმაღლესი საარჩევნო კომისიის, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის, სოციალური მომსახურების სააგენტოს, სახალხო დამცველის აპარატისა და ათამდე ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ღონისძიების ფარგლებში, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის თანამშრომლებმა სტუმრებს მიაწოდეს ინფორმაცია სამსახურის მიერ წლის განმავლობაში განხორციელებული ღონისძიებების, ტენდენციებისა და სტატისტიკური მონაცემების შესახებ.

შეხვედრაზე აქტიურად განიხილეს ის ძირითადი გამოწვევები, რომლებსაც სამსახური თავისი საქმიანობის პროცესში აწყდება. თავის მხრივ მონაწილე საჯარო უწყებებისა და არასამთავრობო  ორგანიზაციების წარმომადგენლებმა დასვეს კითხვები და გამოთქვეს მოსაზრებები მათთვის აქტუალურ საკითხებზე.

შეხვედრის დასასრულს განხილული იქნა სამომავლო, ეფექტიანი თანამშრომლობის პერსპექტივები.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური მსგავსი ტიპის შეხვედრებს საქართველოს კიდევ 6 რეგიონში გამართავს.