Website works in test mode

27 Jul 2020

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა, კანონმდებლობაში არსებულ გამოწვევებზე სამსჯელოდ, ქალაქ ბათუმში ორდღიანი სამუშაო შეხვედრა გამართა

სამსახურის ერთწლიანმა საქმიანობამ და ჩატარებულმა საერთაშორისო კვლევებმა, ნათლად გამოკვეთა უწყების ეფექტიანი საქმიანობისა და ინსტიტუციური განვითარებისთვის აუცილებელი საკანონდებლო ცვლილებები. სამუშაო ფორმატში აქტიური დისკუსია გაიმართა არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე.

შეხვედრა სახელმწიფო ინსპექტორმა, ლონდა თოლორაიამ და სამხრეთ კავკასიაში ადამიანის უფლებათა საკითხებში, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის უფროსმა მრჩეველმა, ვლადიმირ შკოლნიკოვმა გახსნეს.

შეხვედრის ფარგლებში განხილული იქნა: სამსახურის ინსტიტუციური მოწყობა, მანდატი და დამოუკიდებლობის ხარისხი; საქართველოს პარლამენტისა და საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულების მექანიზმები; ეფექტიანი გამოძიების უზრუნველსაყოფად საჭირო საკანონმდებლო ბერკეტები; პერსონალურ მონაცემთა დაცვის მიმართულებით არსებული ხარვეზები და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.

დღის წესრიგში არსებული გამოწვევების საპასუხოდ, საკანონმდებლო ცვლილებების საჭიროების შესახებ დასაბუთებული კონცეფცია საერთაშორისო ექსპერტის მონაწილეობით უახლოეს მომავალში მომზადდება. საუკეთესო პრაქტიკისა და რეკომენდაციების გათვალისწინებით მომზადებული საკანონდებლო წინადადება კი განსახილველად საქართველოს პარლამენტს წარედგინება.

სამუშაო პროცესში სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური აქტიურად ითანამშრომლებს საკანონმდებლო ორგანოსთან, სხვა სახელმწიფო უწყებებთან, არასამთავრობო სექტორთან, სახალხო დამცველის აპარატსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან.

განხორციელებული შეხვედრის მხარდაჭერისა და ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური მადლობას უხდის გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისსა და ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს.