Website works in test mode

12 Jun 2020

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებლებმა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების თემაზე სპეციალიზაციის კურსი გაიარეს

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის გამომძიებლებს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების თემაზე სპეციალიზაციის კურსი ჩაუტარდათ. სწავლების მიზანი გამომძიებლებისთვის არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებასთან დაკავშირებით კანონმდებლობაში დანერგილი სიახლეების, საერთაშორისო მიდგომებისა და სტანდარტების გაცნობა იყო.

სწავლება დისტანციურ რეჟიმში განხორციელდა. სასწავლო პროცესში სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია პირადად ჩაერთო. მასთან ერთად, ტრენინგს დარგის სპეციალისტები: ეკატერინე (ქეთი) თავართქილაძე - ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგი და ბავშვთა დაცის ექსპერტი - ლადო ჯავახიშვილი, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე უძღვებოდნენ. კურსის ბოლოს ტრენინგის მონაწილეებს გამოცდა ჩაუტარდათ და შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ.

სპეციალიზაციის პროცესი საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის ორგანიზებითა და ევროპის საბჭოს პროექტის „არასრულწლოვან და ზრდასრულ თავისუფლებააღკვეთილ პირთა მხარდაჭერა (JADES)“ ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის მნიშვნელოვანია ხელი შეუწყოს არასრულწლოვნის ჭეშმარიტ ინტერესზე ორიენტირებული სისტემის ჩამოყალიბებას. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებზე სპეციალიზებულ გამომძიებელთა პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.